აქტუალური
ლევან კახიანი: „გიგი კალანდაძე, მეგის ქარდავა, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე ელბერტ კობერიძეს აწამებდნენ“

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე დაკითხულმა მოწმემ ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულზე ისაუბრა.

 როგორც სამხედრო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ლევან კახიანმა განაცხადა, 2012 წლის ივნისში უშუალოდ წამებას არ შესწრებია, თუმცა სამხედრო პოლიციაში,  ოთახიდან ესმოდა, როგორ აწამებდნენ კობერიძეს, რომელსაც ტერორისტული აქტის აღიარებას სთხოვდნენ.

 "მეგის ქარდავა, დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, გიგი კალანდაძე მოვიდნენ სამხედრო პოლიციაში, შევიდნენ მეგისთან კაბინეტში, შეიყვანეს დაკავებული კობერიძე და ყვირილის ხმა გამოდიოდა. ჩემი აზრით, აფეთქების აღიარებას სთხოვდნენ. ქარდავამ მხუთავი გაზი გაუშვა ოთახში, რომელმაც სპეციფიური სუნი დატოვა", - განაცხადა მოწმემ.

 მისი თქმით, კობერიძე სამხედრო პოლიციის შენობაში ერთი კვირა ჰყავდათ.

 ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე პროცესი 9 აგვისტოს განახლდება. საქმეზე ბრალდებული არიან დათა ახალაია, მეგის ქარდავა, გიგი კალანდაძე, გოგა სამუშია და რომან შამათავა.