პუბლიკაციები
ლუგარის ლაბორატორია საქართველოში: რისკები და შესაძლებლობები

  საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. გლობალური კვლევების ცენტრმა გამართა კონფერენცია „ლუგარის ლაბორატორია – საექსპერტო ხედვა“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ექსპერტები პეტრე მამრაძე, ვალერიან გორგილაძე, რამაზ საყვარელიძე, ირინა ფუტკარაძე, თამარ კიკნაძე, ვახტანგ მაისაია, მამუკა ჩხეიძე, თემურ მიქელაძე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები – დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი ახვლედიანი, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის თანათავმჯდომარე გიორგი მდივანი, ჟურნალისტები.

კონფერენციაზე განხილული იყო ლაბორატორიის საქმიანობის ხასიათი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და შემდეგ; ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში აშშ–თან თანამშრომლობის პოლიტიკური ასპექტები; ლაბორატორიის საქმიანობის გამჭვირვალობა; ამერიკული მხარის მოტივები.

ვნებათაღელვა ლაბორატორიის ირგვლივ პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს. კონფერენციის წინა დღეებში მედიაში გავრცელდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადება, რომელშიც მან მიუთითა, რომ დსთ–ს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიები, რომელთაც ვაშინგტონი მართავს. „20–ჯერ გაიზარდა იმ ლაბორატორიების რიცხვი, რომლებიც აშშ–ს ექვემდებარება და მისგან იმართება“, – განაცხადა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადრეც გამოთქვამდა შეშფოთებას პენტაგონის მიერ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, თბილისის გარეუბანში სამედიცინო–ბიოლოგიური ლაბორატორიის გახსნის გამო.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში იყო ნათქვამი, ლაბორატორიის ჭერქვეშ აშშ–ის სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევითი ქვედანაყოფი „ჩაეწერა“. ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლებები ცდილობენ დამალონ „ამ ქვედანაყოფის საქმიანობის ჭეშმარიტი შინაარსი და მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების შესწავლით არის დაკავებული“. „პენტაგონი ცდილობს, დაამკვიდროს ასეთივე შენიღბული სამხედრო სამედიცინო–ბიოლოგიური ობიექტები სხვა სახელმწიფოებშიც დსთ–ის ტერიტორიაზე“, – აცხადებდა მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთ–ამერიკის და რუსეთ–საქართველოს შორის დაძაბულობის გათვალისწინებით, ამგვარი განცხადებები შეშფოთების საფუძველს ქმნის. თავად საქართველოში ლაბორატორიის შესახებ საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია: მოსახლეობა ფაქტობრივად არ არის ინფორმირებული ამ დაწესებულების საქმიანობის შესახებ, რაც უამრავ მითქმა–მოთქმას წარმოშობს მასში მიმდინარე ცდების შესახებ. წარმოდგენილი მოხსენება აფასებს როგორც ამ ეჭვებს, ასევე პოლიტიკურ რისკებს, რომლებიც ბიოლოგიური კვლევების დარგში აშშ–ისა და საქართველოს თანამშრომლობას შეიძლება უკავშირდებოდეს.

ლაბორატორიის მშენებლობა 2009 წლის დეკემბერში დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა. 2011 წლის 18 მარტს მისი გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ენდრიუ ვებერმა – აშშ–ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის დარგში.

იმჟამად ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, პროექტის ირგვლივ საკუთარ აქტივობაში, ცდილობდა აშშ–საქართველოს ურთიერთობების სიმტკიცისა  და ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის სერიოზულობის დემონსტრირებას. ლაბორატორიის დირექტორად დაინიშნა ანა ჟვანია, რომელიც საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა, ხოლო 2008 წლის თებერვლამდე დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის 12 აგვისტოს, როდესაც საქართველოს სენატორი რიჩარდ ლუგარი ეწვია, სააკაშვილმა მისთვის დამახასიათებელი მანერით, ლაბორატორიის გახსნა წარმოაჩინა, როგორც „სტრატეგიული მნიშვნელობის“ მოვლენა. ლაბორატორიის ირგვლივ გასაიდუმლოების ვითარების წახალისებით, სააკაშვილი პროექტს წარმოაჩენდა, როგორც აშშ–ის სამხედრო დახმარებას. „სააკაშვილი ყველაფერს აკეთებდა იმ ილუზიის შესაქმნელად, რომ აშშ–ის უშუალო დახმარებითა და ინვესტიციით საქართველოში შეიქმნა სამხედრო დანიშნულების მძლავრი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების აგრესიულ ქმედებათა ნეიტრალიზაციას ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ შტამების საცავის უშუალოდ სამხედრო აეროდრომთან განლაგება დამკვირვებლებში ასევე წარმოშობდა ეჭვებს ამ პროექტის სამხედრო დანიშნულების შესახებ.

 „ქართული ოცნების“ მთავრობამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გადახედა ლაბორატორიის სტატუსსა და დაქვემდებარებას. მას დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი ჩამოერთვა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტრუქტურას წარმოადგენს.

ბოლო დროს ამერიკული სამეცნიერო და სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა საქართველოში იზრდება. ეს შეშფოთებას იწვევს, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო რაღაც ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონად არის შერჩეული. ყველაზე შემაშფოთებელი  ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების კვლევებია. ფაქტობრივად, აშშ–ს საკუთარ საზღვრებს მიღმა აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს სახიფათო ცდები საკუთარი მოქალაქეების ინფიცირების რისკის გარეშე. რამდენად კონტროლდება ამგვარი კვლევების უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეების მიმართ – ეს საკითხი ღიად რჩება.

ლუგარის ლაბორატორიის პირველი წლების მემკვიდრეობა, ისევე როგორც მისი შექმნის გარემოებები, კვლავაც ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ აღიქმება ეს პროექტი საქართველოში და მის გარეთ. კონფერენციაზე გაისმა არგუმენტი, რომ შესაძლოა, გაიხსნას წარსულის სრულიად მოულოდნელი და არასასიამოვნო ფაქტები.

როგორც ჩანს, არავინ აპირებს იმაზე ლაპარაკს, თუ კონკრეტულად რა სახის ბაქტერიებსა და ვირუსებს იკვლევდნენ და იკვლევენ ამგვარ ლაბორატორიებში. არსებობს მოსაზრება, რომ, შესაძლოა, მათში ჰიბრიდული მიკროორგანიზმების შექმნაზე მუშაობენ, რომელთა წინააღმდეგ კაცობრიობას პროფილაქტიკისა და მკურნალობის ზომები არ გააჩნია. მათი გავრცელების შემთხვევაში საქართველო პირველ პოლიგონად შეიძლება იქცეს ადამიანზე მათი ზემოქმედების შესწავლის მიზნით. თანაც, აშშ მიიღებს უნიკალურ მონაცემებს მიკრობის შესაძლო გადამტანთა, ინფექციის გავრცელების სისწრაფის, ავადობის პროცენტის, სიკვდილიანობის შესახებ და ა.შ. ეს, რასაკვირველია, მისცემს ამერიკელებს საშუალებას, შეისწავლონ უცნობი ბაქტერიების გამომწვევი და დაცვის ზომები შეიმუშაონ. ამერიკის მოქალაქეები დარტყმის ქვეშიდან გამოყვანილი იქნებიან. ჩვენ?

ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლურ პრესაში პერიოდულად აყენებენ საკითხს სამეცნიერო ეთიკისა და მკვლევარის პირადი პასუხისმგებლობის შესახებ ამა თუ იმ ბაქტეოროლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებაზე. თუმცა ქართული საზოგადოების წარმომადგენლები არ ჩქარობენ ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიების ამერიკელი ხელმძღვანელების წინაშე „უხერხული“ საკუთხების წამოწევას. ამავე დროს, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან გამოიხატება შეშფოთება იმით, რომ ამ ცენტრებში კვლევები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ეს კი არ იძლევა მიმდინარე სამუშაოების უსაფრთხოებისა და ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საფრთხის დონის შეფასების საშუალებას.

აღსანიშნავია ამერიკული ცენტრის საქმიანობის კიდევ ერთი ასპექტი. როგორც ცნობილია, 2011–2012 წლებში აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს „ნარკოტიკების ტრანზიტის ქვეყანა“ უწოდა. სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იყო ამოღებული თალიბანის კუთვნილი სამი ტონა თხევადი ჰეროინი, ე.წ. „ალაჰის ცრემლები“. ნარკოტიკების მიწოდების ბოლო პუნქტი იყო ალბანეთის ტერიტორია, რომელსაც ჰაშიმ ტაჩის კრიმინალური დაჯგუფება „ჩეტაკა“ აკონტროლებდა. ამგვარად, საქართველო აღმოჩნდა დამაკავშირებელი რგოლი ავღანურ და ალბანურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის და ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მათი „კოოპერაცია“ ადგილობრივი კრიმინალური ლიდერების გარეშე არ მოხდებოდა.  ამიტომ არსებობს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ 2011–2012 წლებში, როცა ცენტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა, იგი გამოიყენებოდა როგორც თხევადი ჰეროინის გამომუშავების რგოლი

მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უნდა დავუფასოთ: მისმა მთავრობებმა ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს, რათა ლაბორატორიის შესახებ არსებული შეშფოთება მოეხსნათ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იყო თუ არა ეს ძალისხმევა ამომწურავი?

რა უფრო მეტია ლუგარის ლაბორატორიაში – საფრთხე თუ პოზიტივი, ჯერ კიდევ გასარკვევია. გლობალური კვლევების ცენტრი საკითხს ღიად ტოვებს, მისი ამოწურვა მომავლის საქმეა. კონფერენციის მონაწილეებმა რამდენიმე მოსაზრება და რეკომენდაცია წარმოადგინეს. კერძოდ:

ეს თემა უნდა გაიშალოს, უნდა ჩაერთონ ჟურნალისტები, რომელთაც ხელეწიფებათ ამგვარი საკითხების პროფესიულად გაშუქება, ასევე – არასამთავრობო ორგანიზაციები. ყველა კითხვა უნდა დაისვას და მოიძებნოს პასუხი. არასამთავრობო სექტორშიც კი უამრავი კითხვა არსებობს ამ ლაბორატორიის მიმართ და დღის წესრიგში უნდა დადგეს  შეხვედრისა და მსჯელობის საკითხი, თუ რამდენად სახიფათოა იგი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, თუ ის მაინც პოზიტივის მომტანია.

თავად დასავლური მედიის ინფორმაციები არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. სხვადასხვა „დაკარგული“, „მივიწყებული“ ან უეცრად აქტივირებული ვირუსები, ექსპერიმენტები ოკინავასა და გვატემალაში უკვე გასაჯაროვდა და სერიოზული შეშფოთების საგნად იქცა. აშშ–ის პრეზიდენტი კლინტონი იძულებულიც კი გახდა, ბოდიში მოეხადა მსგავსი ექსპერიმენტების გამო, თუმცა პენიცილინისა და სვა წამლების გამოსაცდელად განზრახ დასნებოვნებული ადამიანებისთვის ეს ვერაფერი შეღავათია. ამგვარი აღიარებები ათეულობით წლის დაგვიანებით კეთდება და დღევანდელი ინვესტიციის სანაცვლოდ ამის იმედად ყოფნა, ალბათ, არავის ხიბლავს. საკმარისად არის თუ არა დღეს დაცული ლუგარის ლაბორატორია? რამდენად დიდია მის მუშაობაში ამერიკელი სამხედროების როლი და როგორი ხასიათისაა მათი მონაწილეობა? რას და როგორ იკვლევენ ლაბორატორიაში ამერიკელი მეცნიერები და სამხედროები? საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებული არ არის, ხოლო ანალოგიური ლაბორატორიების მაგალითები, მათ შორის, თავად აშშ–ში, შეშფოთების საფუძველს ქმნის.

გეოპოლიტიკური დაძაბულობის,  კავკასიაში სხვადასხვა აქტორების როლის გაძლიერების, ასევე ზოგიერთის სუბიექტის მიერ ჰიბრიდული (მათ შორის, საინფორმაციო) ომებით გატაცების გათვალისწინებით და თავად ლუგარის ლაბორატორიის არსებობის ირგვლივ მომავალში მოსალოდნელი შეშფოთების თავიდან ასაცილებლად, ურიგო არ იქნებოდა გვეფიქრა მისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებაზე, რომელშიც, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ამერიკელების გარდა, იმუშავებდნენ ევროკავშირის სახელმწიფოების, რუსეთის, რეგიონის სხვა ქვეყნების მეცნიერები.

კომპეტენტური ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რა ხდებოდა ლუგარის ლაბორატორიაში 2011–2013 წლებში. იმხანად აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით ხდებოდა ნარკოტიკების ტრანზიტი, ხოლო 2013 წელს სპეცსამსახურებმა სამ ტონამდე თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს. არ არის გამორიცხული, რომ ლაბორატორია სწორედ ამ მიზნით გამოიყენებოდა. დღეს ლაბორატორია სამოქალაქო სამსახურების დაქვემდებარებაშია, მაგრამ ჩვენთვის უცნობია, რა ხდებოდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ მის გადაცემამდე.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი რეგულარულად უნდა აქვეყნებდეს ანგარიშებს ყველა ჩატარებული კვლევის შესახებ, რაც დაგვეხმარება, ობიექტურად შევაფასოთ ამგვარი საქმიანობით მიყენებული სარგებელი და ზიანი.

საქართველოს შეუძლია საერთაშორისო არენაზე გამოვიდეს ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების თავიდან აცილების მიზნით თანამშრომლობის გაფართოების ინიციატივით. ამგვარი თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს მრავალმხრივ ფორმატში, შესაძლოა, გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოებში და სრული გამჭვირვალობის პირობებში.