საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: „13 ივნისის სტიქიის შემდეგ ჩემი შვილები ყოველ დილით ნიჩბებით გადიოდნენ და ტალახში ამოსვრილები ბრუნდებოდნენ“

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „გურიანიუსის“ ჩოხატაურის ოფისში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“, გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან წარჩინებული სტუდენტების ნაწილს და ოქროს მედალოსნებს შეხვდა.

 პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წარჩინებულ ახალგაზრდებთან შეხვედრა 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში სიმბოლურია.

 „ახალგაზრდების ასეთი კონსოლიდაცია, როგორიც მაშინ ჩვენ ვნახეთ, მახსოვს ჩემს თაობაში 1989 წელს, როცა 9 აპრილი მოხდა და მაშინ, ალბათ, ერთმანეთი ყველას ყველაზე ძალიან გვიყვარდა. სიძულვილი ერთბაშად გაქრა იმ მომენტში და ზუსტად იგივე დავინახე. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მოსდევს ხოლმე ტრაგიკულ მოვლენებს, როცა ჩვენ თურმე შეგვიძლია, გავერთიანდეთ, მაგრამ ასე ხდება. ჩემი უფროსი შვილები ყოველ დილით ნიჩბებით გადიოდნენ და საღამოს ტალახში ამოსვრილები ბრუნდებოდნენ. მე გამიხარდა, რომ მათაც იგრძნეს ეს, მაგრამ არ გამიხარდა, რომ ეს მოხდა ასეთი მსხვერპლის ხარჯზე. კარგია, რომ ივლიტა ჯიბუტის სახელი აქ უკვდავყოფილია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.