საზოგადოება
"მეც ვიყავი ამ ბინძური შანტაჟის ერთ-ერთი მსხვერპლი" - ხიდაშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფარული ვიდეოჩანაწერების ავთენტურობა?!

  საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. 2 თვის წინ „ნახევრად დათხოვნილი“ თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება. თინა ხიდაშელმა ინტერვიუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ “რუსთავი 2”-ს მისცა.

„ნახევრად დათხოვნილი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი მთავარი პროკურატურისგან პასუხს ითხოვს, თუ რატომ ფორმდება საპროცესო გარიგება პირებთან, რომლებიც წლების განმავლობაში პირადი ცხოვრების კადრების გადაღებით და ფარული მიყურადებით იყვნენ დაკავებული.

"მე მოთმინებით ველოდები გამოძიების დამთავრებას, იმიტომ, რომ მეც ვიყავი აი ამ ბინძური შანტაჟის, დადგმული სპექტაკლების ერთ-ერთი მსხვერპლი. ველოდები პასუხს პროკურატურისგან. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, რომ თითქოს იმ ადამიანებს, ვინც პირველ ეტაპზე დააკავეს, საპროცესო გარიგებით უშვებენ და მე სწორედ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დავუსვი პროკურატურას”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

მისი თქმით, არ შეიძლება, საზოგადოებამ არ იცოდეს, რატომ ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება ამ ადამიანებთან.

“ასეთ დროს ერთადერთი პასუხი არის ის, რომ ისინი აძლევენ პროკურატურას ჩვენებას იმაზე უფრო მაღალი სიკეთის დასაცავად, ვიდრე რის გამოც თავად არიან პასუხისგებაში. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცოდეთ, მათი მხრიდან საფრთხე ნეიტრალიზებულია თუ არა. ერთხელ თუ ჰქონდათ მათ წვდომა, შესაძლებელია, ხვალ და ზეგ ისევ იყვნენ ისინი საფრთხის მატარებელი. აქ ძალიან ბევრი კითხვებია. მე არ ვიცი, გიორგი პაპუაშვილი ზუსტად რაზე საუბრობდა, თუმცა იმ ინფორმაციიდან, რაც მედიაში იყო, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ იმავე ხაზის გაგრძელებაა”, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.