საზოგადოება
„მთავრობა ყველაზე უარყოფითად წარმოდგენილი ჰყავს "რუსთავი 2"-ს და "ობიექტივს", დადებითად - GDS-ს“ - მედიამონიტორინგი

  საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი.  „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია", "ინტერნიუს საქართველო" და "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე კვლევის პირველ შედეგებს აქვეყნებენ. მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, მედია გაცილებით უფრო დაბალანსებულად მუშაობს, ვიდრე 2012 წელს.

მონიტორინგი საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კუთხით ხორციელდება და პირველი 11 კვირის - 20 მაისიდან 11 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგი 11 ტელევიზიას, 12 რადიოს, 7 ბეჭდურ მედიას და 16 ონლაინ მედიასაშუალებას უტარდება. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" წარმომადგენლის გიორგი მგელაძის განცხადებით, რაოდენობრივი ტენდენციების კუთხით, ყველაზე მეტი დრო ეთმობა მთავრობის გაშუქებას, ნაკლები დრო ყველა არხზე ეთმობა პრეზიდენტს, მთავრობა ყველაზე უარყოფითად წარმოდგენილი ჰყავს "რუსთავი 2"-ს და "ობიექტივს", დადებითად - GDS-ს. მგელაძის განცხადებით, ძირითადად პრობლემებია ბალანსის კუთხით და მოვლენების გაშუქებისას არ ხდება ორივე მხარის პოზიციების წარმოჩენა.

2012 წლის არჩევნებიდან ქარტია ყველა არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგს ახორციელებდა და მისი თქმით, მედია გაცილებით უფრო დაბალანსებულად და გამართულად მუშაობს, ვიდრე 2012 წელს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგი ნოემბრამდე გაგრძელდება.