აქტუალური
აშშ–ის სახდეპში ხიდაშელს შეჰპირდნენ, რომ რუსული ოკუპაციითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებით 2017 წლის იანვრიდან დაკავდებიან

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ნახევრად გადამდგარი თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაციამ პენტაგონიდან სახელმწიფო დეპარტამენტში გადაინაცვლა.

 მხარეებმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რეგიონული უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს.  განხილვის ერთ-ერთი თემა იყო აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაცია.

 „დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ უფრო ფართო თემებზე ვისაუბრეთ. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ღონისძიებები. სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი, მისი მანდატი გაცილებით უფრო ფართოა. საუბარია ტერორიზმის, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ სტატუსზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე და ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ვარშავის სამიტის მონაპოვარით და ქართულ-ამერიკული თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი მემორანდუმით შეიარაღებულები ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დისკუსიების შემდეგ მოვახერხებთ, შემოდგომაზე უკვე გეგმები საბოლოოდ გაიწეროს და 1 იანვრიდან ახალი პროექტების განხორციელება დავიწყოთ“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.