აქტუალური
თინა ხიდაშელი: „საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი ქართული ჯარისთვის“

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პენტაგონში შეხვედრები დაიწყო. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში მხარეებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალ პროგრამაზე იმსჯელეს, რომელსაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში განახორციელებს.

 „პირველად ხდება, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა გვეხმარება არა მხოლოდ სამშვიდობო მისიებსა თუ ნატოს ოპერაციებში, არამედ იმაში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ სახელმწიფოს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. როდესაც ვთქვით, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იქნებოდა უფრო ძლიერი, ეს არის სწორედ ამ სიძლიერის კიდევ ერთი გამოვლინება. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ამერიკელ სამხედროებთან და ინსტრუქტორებთან ერთად, სრულიად საქართველოს შეიარაღებული ძალები ამ პროგრამის საშუალებით პრინციპულად ახალი სწავლების რეჟიმზე გადავიყვანოთ, ახალი ტიპის აღჭურვილობითა და შესაძლებლობებით, როგორიც ქართულ ჯარს აქამდე არასდროს ჰქონია“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 ახალი პროგრამის ფარგლებში სექტემბერში საქართველოში ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა და ქართულ მხარესთან ერთად პროგრამის განხორციელების გეგმაზე მუშაობას დაიწყებს.