საზოგადოება
რა ხდება ივანიშვილის მიერ აღორძინებულ ოპერაში: სკანდალი თუ კრიმინალი?! - “საქინფორმი” გამოძიებას იწყებს

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ნახევარი წელიც არ გასულა, რაც 2016 წლის 31 იანვარს ბიძინა ივანიშვილის მიერ აღდგენილი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის  სახელმწიფო თეატრის შენობის პრეზენტაცია გაიმართა. 165–წლიანი ისტორიის მქონე თბილისის ოპერის რესტავრაცია ივანიშვილის სახსრებით არაერთხელ განხორციელებულა, მაგრამ ბოლო ქართველ მეცენატსა და ექსპრემიერ–მინისტრს 40 მლნ დოლარი დაუჯდა, რადგან სამშენებლო–აღდგენითი სამუშაოების გარდა განხორციელდა სცენისა და დარბაზის სრული ტექნიკური აღჭურვა ტანამედროვე სტანდარტებსი შესაბამისად, ასევე აღდგენილია ისტორიული ფარდა, უნიკალური მთავარი ჭაღი და ა.შ.

 თუმცა მსოფლიოს ნებისმიერი უძველესი და ულამაზესი თეატრი ეს, პირველ რიგში, მისი შემოქმედებითი კოლექტივია, რომლის გარეშეც მისი კედლები მკვდარია...

 მაშ რა ხდება დღეს ქართული მუსიკალური კულტურის უძველეს სახელგანთქმულ ცენტრში, რომლის შემოქმეებითი კოლექტივი – სოლისტები და გუნდი, ორკესტრანტები და მოცეკვავეები, 170–ზე მეტ მუსიკოსი! – წარუმატებლად მოითხოვს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის გადაყენებას?! ნუთუ ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს 2016 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლიდან 4 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში?!

 რატომ უგულებელჰყოფს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოპერის კოლექტივის, მისი მსოფლიოში სახელგანქმული ვარსკლავების აზრს და არ რეაგირებს მედიასა და ინტერნეტში გამოქვეყნებულ სამარცხვინო დოკუმენტებზე, კინწურაშვილის მიერ ადმინისტრაციისთვის გამოწერილ ასტრონომიულ პრემიებსა და გაუმართლებელ საბიუჯეტო ხარჯებზე - ასობით ათასი ლარის! - რომ მოწმობს?! რა არის ეს – უბრალოდ კინწურაშვილის დიქტატურა სააკაშვილის სტილში, თუ კორუფცია?! ხომ არ არსებობს ფინანსური დაინტერესება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და კულტურის სამინისტროს – მინისტრსა და მის მოადგილეებს შორის?

 საგულისხმოა, რომ დუმს და კინწურაშვილის ფარულად მხარდაჭერა შეუძლია მხოლოდ თეატრის საბალეტო გუნდის ხელმძღვანელ ნინო ანანიაშვილს (მიხეილ სააკაშვილის ვაჟის ნათლიას და საგარეო საქმეთა ექსმინისტრი გრიგოლ ვაშაძის მეუღლეს, რომელიც იმავდროულად მისი იმპრესარიოც არის. ვაშაძე – ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი ხელისუფლების აშკარა მოწინააღმდეგე, ამჟამად სათავეში უდგას პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად იბრძვის საქართველოს დრევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ). მთელი დანარჩენი საბიუჯეტო თანხები ხომ ბალეტს ხმარდება! (70–ზე მეტი საბალეტო წარმოდგენა, რომელთაგან ბევრი სპეციალურად დაუღალავად მოცეკვავე პრიმა–ბალერინასთვის არის დადგმული!). გამორიცხული არ არის, რომ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს მალე გადაერქვას სახელი და უბრალოდ ნ. ანანიაშვილის სახელობის თბილისის ბალეტის თეატრი ეწოდოს.

 თუ საქართველოს კულტურის სამინისტრო სასწრაფოდ არ გადააყენებს ბატონ კინწურაშვილს და მისი ფინანსური დარღვევების შესწავლით არ დაკავდებიან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები, „საქინფორმი“ დაიწყებს საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მიმდინარეობის შესახებ მუდმივად აცნობებს მკითხველს