პოლიტიკა
“რუსი პილოტის ოჯახს ჩვენ აღვიქვამთ, როგორც თურქულ ოჯახს” - ერდოღანმა პუტინსა და რუსეთს ბოდიში მოუხადა

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გზავნილი მიიღო, რომელშიც თურქეთის ლიდერმა რუსული სამხედრო თვითმფრინავის დაღუპვასთან დაკავშირებული სიტუაციის მოწესრიგებაში დაინტერესება გამოთქვა.

 გზავნილში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ რუსეთი თურქეთისთვის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც თურქეთის ხელისუფლებას ურთიერთობის გაფუჭება არ სურს.

 “არასდროს გვქონია სურვილი და წინასწარი განზრახვა, რუსეთის ფედერაციის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოგვეგდო”, - ხაზს უსვამს რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

 შემდეგ ნათქვამია, რომ “მთელი რისკის საკუთარ თავზე აღებით და დიდი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხეთ დაღუპული რუსი მფრინავის ცხედრის სირიელი ოპოზიციონერებისგან წამოღება და თურქეთში ჩამოვასვენეთ. დაკრძალვისწინა პროცედურების ორგანიზება რელიგიური და სამხედრო პროცედურების შესაბამისად მოხდა.

 მთელი ეს სამუშაო თურქეთ-რუსეთის ურთიერთობისათვის საკადრის დონეზე შევასრულეთ. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ღრმა თანაგრძნობა და სამძიმარი დაღუპული რუსი პილოტის ოჯახს და ვუთხრა: ბოდიშს გიხდით. მთელი გულით ვიზიარებ მათ ტკივილს. რუსი პილოტის ოჯახს ჩვენ აღვიქვამთ, როგორც თურქულ ოჯახს. ამ ტკივილის და მიყენებული ზიანის სიმძიმის შესამსუბუქებლად ნებისმიერი ინიციატივისთვის მზად ვართ”.

 გზავნილში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის მოქალაქის მიმართ, რომლის სახელიც რუსი პილოტის სიკვდილთან ასოცირდება, სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს.

 რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ღრმა სინანულს გამოთქვამს მომხდარის გამო და ხაზს უსვამს თავის მზადყოფნას, ყველაფერი გააკეთოს თურქეთსა და რუსეთს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობის აღდგენისთვის, აგრეთვე იმისთვის, რომ ერთობლივი რეაგირება მოახდინონ რეგიონში კრიზისულ მოვლენებზე და ებრძოლონ ტერორიზმს.

kremlin.ru