პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

 „დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს არის  ჩვენი პარტიისთვის, „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის ძალიან საპატიო საქმე და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 „თქვენ, ჩვენი პარტიის ახალგაზრდები ხართ ის ძალა, ის საიმედო რესურსი, რაც მომავალში იქნება პოლიტიკური სპექტრის ფორმირების  ერთერთი ქვაკუთხედი.  პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ თანამედროვე, განათლებული, ევროპულად მოაზროვნე და მაღალი ზნეობრივი კრიტერიუმების მქონე საქართველოს პატრიოტები!“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა  კახა კალაძემ.

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის  ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ნდობის გამოცხადებისთვის შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა  და პასუხისმგებლობის აღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.