პოლიტიკა
„რეფერენდუმი ვერ შეცვლის იმას, რომ ევროკავშირი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია მსოფლიოში“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 „ბრიტანელთა უმრავლესობამ ხმა მისცა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას. ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, თუმცა პირადად მე ვუერთდები ჩვენი კონტინენტის იმ ლიდერებს, რომლებიც სინანულს გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით.

 მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არა აქვს და ის აუცილებლად გაგრძელდება. ეს რეფერენდუმი ვერ შეცვლის იმას, რომ ევროკავშირი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია მსოფლიოში, რომლის ძალა და სიმტკიცე კიდევ უფრო გაიზრდება.

 დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს, გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები, კიდევ უფრო განმტკიცდეს და იაროს წინ. შესაბამისად, იმედის თვალით შევყურებ მომდევნო თვეებს, როცა  ევროკავშირი შეასრულებს ისეთი ძლიერი ლიდერის როლს სამეზობლოში, როგორიც ეს მსოფლიოში მის კუთვნილ ადგილს შეეფერება“