საზოგადოება
„არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ავტორიტარიზმში დაბრუნების ნიადაგს ქმნის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება!“ – ივანიშვილი

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში წერს.

 „დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ავტორიტარიზმში დაბრუნების ნიადაგს ქმნის, ხოლო ქვეყნის მომავალი დემოკრატიის განუხრელად განვითარებას მოითხოვს. სააკაშვილის ხელისუფლების იდეოლოგები ღიად ასაბუთებდნენ, რომ საქართველოს - ეკონომიკის სწრაფი წინსვლისა და მოდერნიზაციისთვის - აუცილებლად სჭირდებოდა ავტორიტარული რეჟიმი და რკინის ხელი - პოლიტიკურად ჩამორჩენილი ხალხი  პატარა ჯგუფს უნდა ემართა. ამაში არწმუნებდნენ უცხოელებსაც და ამ შთაბეჭდილების შესაქმნელად დადგმულ სპექტაკლებს და უხეშ პროვაკაციებსაც არ ერიდებოდნენ. თუმცა, ვითომდა ქვეყნის საკეთილდღეოდ გამიზნული ამგვარი ქმედებები საბოლოოდ დასრულდა ერთი ჯგუფის მიერ ძალაუფლების უზურპირებით და ელიტური კორუფციით”, - წერს ბიძინა ივანიშვილი.

 „არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება. უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა. მხოლოდ ეს მოგვიტანს მშვიდობას და კეთილდღეობას!”, - წერს ბიძინა ივანიშვილი.