სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს“ მასპინძლობს

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. 2016 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისში, სასტუმრო “რედისონში” ტარდება „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“. აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად 2014 წლის 1–5 ივნისს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს და მისი მხარდამჭერია აშშ-ის მთავრობა. მასში მსოფლიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გაუვრცელებლობა, ბიოდაცულობა და ბიოუსაფრთხოება, ქიმიური უსაფრთხოების ასპექტები და ა.შ. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საჩვენებელი საველე ვარჯიშის მოწყობა.