პოლიტიკა
„გიორგი კვირიკაშვილი სწორედ ისეთი ლიდერია, რომელიც დღეს სჭირდება საქართველოს“ – ივანიშვილი

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. მინდა,  თანამოქალაქეებს შევთავაზო მოვლენების ჩემეული ანალიზი, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას” და ამ პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერი  ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში წერს.

 “ჩემი ეს წერილიც და სატელევიზიო გამოსვლებიც, რომლებსაც წინასაარჩევნოდ ვგეგმავ, იმ მიზანს ემსახურება, რომ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თანამოქალაქეებს შევთავაზო მოვლენების ჩემეული ანალიზი, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას” და ამ პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით.  სწორედ ისეთი ევროპული ყაიდის, გაწონასწორებული და პრინციპული ლიდერია, როგორიც დღეს სჭირდება საქართველოს“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.