აქტუალური
„ჩვენ შევინარჩუნებთ თავისუფალ მედიაგარემოს, სადაც ნებისმიერ მედიასაშუალებას შესაძლებლობა ექნება, იყოს არაობიექტური, ტენდენციური, ანგაჟირებული და ცილისმწამებლური!“ – ივანიშვილი

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში წერს.

 „პოლიტიკური ძალა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტერორით მართავდა ქვეყანას, დღეს აფრქვევს ცილისწამების კორიანტელს. მოქალაქეებს მიზანმიმართულად და განუწყვეტლივ მიეწოდებათ ქვეყანაში არსებული ვითარების განზრახ დამახინჯებული სურათი. ეს ყველაფერი რევანშის მიზნით კეთდება, რათა სააკაშვილის კლანმა ქვეყანა ისევ დააბრუნოს ძალმომრეობის ჭაობში”, - აღნიშნავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

 „საქართველოში მედია ტირანიის დამარცხების შემდეგ გათავისუფლდა და როგორ დაუნდობლადაც არ უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, მედიის უფლებებს არავინ შეეხება! ჩვენ შევინარჩუნებთ თავისუფალ მედიაგარემოს, სადაც ნებისმიერ მედიასაშუალებას იმის შესაძლებლობა ექნება, იყოს არაობიექტური, ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და გაავრცელოს არასწორი და ცილისმწამებლური ინფორმაციები, რისი მოწმენიც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვართ. თუმცა, თავისუფლება  მედიას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით არ მოუპოვებია. ყველას  გვახსოვს რამდენიმე წლის წინ მიწაზე დაყრილი და იარაღმიბჯენილი  ჟურნალისტები, ერთი და იმავე ტექსტებით მოსაუბრე ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც ასორმოცდაათი ათასმა ადამიანმა ციხე იწვნია, ცხოვრება მშვენიერი იყო”, - ნათქვამია ღია წერილში.