აქტუალური
„სააკაშვილის მმართველობის ანტიევროპულმა სტილმა საზოგადოებაში ანტიევროპული, ანტილიბერალური განწყობები გააღვივა, რაც ძალიან სახიფათოა!“ – ივანიშვილი

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. მინდა, მოსახლეობას ანგარიში ჩავაბარო, ვინაიდან 2011 წელს სწორედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა და, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ვარ, ამ პასუხისმგებლობას დღემდე ვგრძნობ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილშია აღნიშნული, რომელშიც ის იხსენებს 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილს, სადაც განმარტავდა, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა.

 „ერთ დიდ ციხედ გადაქცეული მთელი ქვეყანა, ასეულობით ათასი პატიმარი, ტოტალური მოსმენებითვალთვალი,   ფარული გადაღებები, დასმენა და შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა. ხელისუფლება სრულად აკონტროლებდა მედიას. ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვა ელიტური კორუფცია. ვისაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას შეატყობდნენ, სამსახურებიდან აგდებდნენ, ქონებას ართმევდნენ, სცემდნენ, აპატიმრებდნენ, ციხეში სასტიკად აწამებდნენ და თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, კლავდნენ კიდეც! ორმაგი სტანდარტით მართავდნენ ქვეყანას - სინამდვილეში სულს ხდიდნენ ადამიანებს, სხვების დასანახად კი დემოკრატიის შუქურად მოჰქონდათ თავი”, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.

 „ბევრ ეჭვს ბადებს სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებსაც ეს ორგანიზაციები (NDI, IRI– რედ.) ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდრო კავშირში შემჩნეული ადგილობრივი სპეციალისტების მეშვეობით ატარებენ. ეს კვლევები მკვეთრად იყო აცდენილი რეალობას - 2012 წლის არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებსა და არჩევნების შედეგებს შორის ძალიან დიდი სხვაობა დაფიქსირდა“,- ნათქვამია ღია წერილში.

 „სააკაშვილის მართვის სტილი იყო სრულიად ანტიევროპული და ადამიანების დათრგუნვა-დამორჩილებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამ ფსევდოევროპელობამ და ფასადურმა დემოკრატიამ შეუწყო ხელი საზოგადოების ერთ ნაწილში  ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.