სამართალი
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, 2016 წლის 27 მაისს, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების" მიერ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი განიხილეს. ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო „ცხელი ხაზის“ გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფის საკითხს, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისა და მათი რიცხვის მინიმუმამდე დაყვანისთვის.