პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩადენილი მკვლელობის შესახებ

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით და თანაუგრძნობს გარდაცვლილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ვითარებას და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება. ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუასა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის.

ქართული მხარე გამოიყენებს ყველა არსებულ საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“.