საზოგადოება
„იმის ნაცვლად, რომ „ქართული ოცნებიდან“ გარიცხოთ ისინი, ვისთვისაც მიუღებელია ნატო, ჯობს ნაცისტებს რომ მისტირიან, იმ პერსონებს გაემიჯნოთ!“

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ “ქართული ოცნების” ახალი სახეების მიერ  უგულავასთან და მერაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული  განცხადებების შემდგომ განაცხადა.

“დავით კოღუაშვილის გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაანახვა საზოგადოებას, რომ “ქართულ ოცნებაში” ვითომ “ახალი” სახეების შერჩევა ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. კოალიცია, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა წინა რეჟიმის გასამართლების ლოზუნგით, კოალიცია, რომლის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნაციონალები ნაცისტებისგან არაფრით განსხვავდებიან - გაუგებარია ამავე კოალიციის ახალი სახეების სხვაგვარი დამოკიდებულება 9-წლიანი რეჟიმის შემოქმედების მიმართ.

თუკი აუხდენელ მიზნებთან, რაც ეხება ნატოში შესვლას, დაკავშირებით პოზიციის მქონე ადამიანებს პარტიიდან რიცხავთ და ლამის კოცონზე წვავთ,  გეკითხებით, რატომ არ გაქვთ იგივე დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ნაცისტური რეჟიმის შემოქმედების გათეთრებას ემსახურებიან.

 იმ პარტიის რიგები, რომელსაც აქვს პრეტენზია, მოიპოვოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, არ უნდა იყოს დაკომპლექტებული იმ ადამიანებით, რომლებსაც  ფაშისტების და მათი მიმდევრების მიმართ სენტიმენტალური და აღმატებული გრძნობები აქვთ.  ნატოს  გამო კი ნუ წვავთ ადამიანებს კოცონზე, არამედ ნაცისტებს რომ მისტირიან, იმ პესონებს გაემიჯნეთ, თორემ რა შედეგსაც მიიღებთ არჩევნებზე, მერე ნახავთ”, -განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.