პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის კომენტარი ქართულ-აფხაზურ საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი.

“ყურადღება მივაქციეთ საქართველოში გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთის სასაზღვრო რაიონში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს შემთხვევა, ჩვეულებისამებრ,  “რუსული ოკუპაციის” თემაზე ახალი პროპაგანდისტული სავარჯიშოებისთვის გამოიყენა. ამასთან, თბილისში მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს, არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს კავშირი არ ჰქონიათ ამ ინციდენტთან, რომელიც გულწრფელ სინანულს იწვევს.

ვურჩევთ ქართულ მხარეს, ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვით პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, მთელი გულისყური მიმართოს ქ. გალში ქართულ-აფხაზური საზღვრის რაიონში ინციდენტების თავიდან აცილების და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის მუშაობის განახლების ამოცანებისკენ.

შესაბამისი პრინციპული შეთანხმება, აფხაზური მხარის კეთილი ნებისა და კონსტრუქციულობის წყალობით, ამა წლის მარტში ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე იქნა მიღწეული. ანტირუსული გამოხდომები, ისევე, როგორც თბილისის ამასწინანდელი მტრული მოქმედებები აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ საერთაშორისო არენაზე, აშკარად არ უწყობს ხელს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს”.