აქტუალური
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის საველე სწავლება გაიმართა

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. თავდაპირველად ქართველმა და ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი ოპერაცია  „შეტევა საბრძოლო სროლებით“ განახორციელეს. ბრიტანულ დანაყოფს საარტილერიო ცეცხლის კორექტირებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ხელმძღვანელობდნენ.

ერთობლივი ოპერაციის პარალელურად ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მთავარ საბრძოლო ტანკ M1A2-დან და ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2-დან საბრძოლო სროლები განახორციელეს, სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მიიტანეს იერიში. აღნიშნული ამოცანის შესრულების დროს საქართველოში წარმოებული, სსსტც „დელტაში“ აწყობილი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა გამოიყენეს. საველე სწავლების მიზანს ერთობლივი, შემაჯამებელი ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული ოპერაციისთვის მზადება წარმოადგენდა.

ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა. „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება. სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 500 - ქართველი,  650 - აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და 150 - ბრიტანელი.