პუბლიკაციები
კონგრესმენი ტედ პო: „აშშ–მა ღიად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე“

 კონგრესმენ ტედ პოს გამოსვლა კონგრესში, სადაც საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა, იხილეთ შემდეგ ბმულზე.

იხილეთ თარგმანი:

"ბატონო თავმჯდომარევ, ჩვენს, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის ლიდერი ქვეყნის, ეროვნულ ინტერესებშია მსოფლიოს სხვა ერებისთვის იმავე თავისუფლებისა და უფლებების უზრუნველყოფა, რომლებითაც ჩვენ ვსარგებლობთ. საქართველო არის პატარა და ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანა ისეთ რეგიონში, რომელიც უფრო ავტორიტარული მმართველობით არის ცნობილი, ვიდრე თავისუფლებით. 1918 წელს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, თუმცა ოთხი წლის შემდეგ საბჭოთა დათვი შეიჭრა მის ტერიტორიაზე და საქართველო საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადა. თუმცა, ქართველი ხალხის სიმტკიცემ კიდევ ერთხელ იჩინა თავი 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა საქართველომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველო იქცა ყველაზე თავისუფალ ქვეყანად რეგიონში და დღეს კონტრასტს ქმნის მის ჩრდილოეთით პუტინის დიქტატურასთან. მიუხედავად ამისა, რუსეთს უარი არ უთქვამს თავის ამბიციებზე საქართველოზე კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით. 2008 წელს, როცა რუსულმა ჯარმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების მესამედის ოკუპაცია, მე საქართველოში ვიყავი. მე ვუყურებდი გორაკებზე აგორებულ რუსულ ტანკებს და მერწმუნეთ, ბატონო თავმჯდომარევ, რუსეთს არ მოსწონს საქართველოს სწრაფვა დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ. საქართველომ ეფექტიანი მმართველობა თავისი რეფორმების ქვაკუთხედად აქცია, უზრუნველყო ეკონომიკური ზრდა და მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზაზე. 2012 წელს მსოფლიო გახდა ერთი პარტიის მიერ დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში მეორის ჩანაცვლების მოწმე. ორგანიზაცია Reporters without Border-ის თანახმად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში ამაღლდა მედიის თავისუფლების დონე, ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, პრესის თავისუფლების კატეგორიაში საქართველო ლიდერობს რეგიონის მასშტაბით და უსწრებს კიდეც ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასა და აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოებს. საქართველო ასევე ლიდერობს ბიზნესისა და თავისუფალი ბაზრის კატეგორიებშიც. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო შედის იმ 25 ქვეყნის სიაში, სადაც ბიზნესის წარმართვა ყველაზე მარტივია. ფაქტია, რომ ქართველი ხალხი და მისი მთავრობა იზიარებენ ჩვენს დასავლურ ღირებულებებს. ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველთა ¾-ზე მეტი მხარს უჭერს მთავრობის მიზანს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. ქართველთა თითქმის 70% მხარს უჭერს ნატოში გაწევრებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე. დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში საქართველო ყოველთვის იყო ამერიკის მნიშვნელოვანი მოკავშირე, ხოლო საქართველოს თავისუფალი საბაზრო სისტემის, კორუფციის დაბალი მაჩვენებლების და გამარტივებული საგადასახადო სისტემის წყალობით, ბევრმა ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა დაინტერესება საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაში გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები და გაჟღერდეს გზავნილი, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული მეგობარი. გარდა ამისა, საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთის მისიებში ყველაზე მეტი მებრძოლი ჰყავს. ავღანეთში, სადაც ამერიკელი კოლეგების გვერდიგვერდ იბრძოდა და დაიღუპა 33 ქართველი, დღესაც მსახურობს 900 ქართველი სამხედრო პირი. საქართველო ემზადება ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნებისთვის, რომლის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნითაც ქართველებმა მიიწვიეს დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა მათ განახორციელონ ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა ნატოში უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და მხარი დაუჭირონ საქართველოს. საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და მის საზღვრებს პატივისცემით უნდა მოეპყრას ყველა, თავად პუტინიც კი. რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველო არის რეგიონში დემოკრატიის სიმბოლო. სწორედ ამიტომ აგრძელებს პუტინი იარაღის ჟღარუნს მთელ რეგიონში. დიქტატორმა პუტინმა იცის, რომ თუკი საქართველო იქნება წარმატებული დემოკრატიის მაგალითი, საქართველოს მეზობლებსაც გაუჩნდებათ მიბაძვისა სურვილი და უფრო დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვა. თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. 50 წლის წინ ჩვენმა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ერთ-ერთ თავის გამოსვლაში განმარტა ამერიკის პოლიტიკა თავისუფლებასთან დაკავშირებით და, ჩემი აზრით, ეს პოლიტიკა დღემდე უცვლელია. აი, რა თქვა კენედიმ, ბატონო თავმჯდომარევ: „დაე, ყველა ერმა იცოდეს, მიუხედავად იმისა, მტერია ის თუ მოყვარე, რომ ჩვენ ყველაფერს გავიღებთ, ვიტვირთებთ ნებისმიერ ტვირთს, მხარს დავუჭერთ ყველა მეგობარს, დავუპირისპირდებით ყველა მოწინააღმდეგეს, რათა თავისუფლება არ დასამარდეს, არამედ, პირიქით, აყვავდეს“. ეს სიტყვები საქართველოსაც გულისხმობს, ბატონო თავმჯდომარევ, და ამას ვერსად ვერ გავექცევით."