რედაქტორისგან
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა?!” - საქინფორმის საგანგებო განცხადება

 დავით უსუფაშვილის 2016 წლის 4 მაისის პროვოკაციული განცხადება, რომელიც დე იურე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის ბოლო დღეებს ითვლის, დე ფაქტო კი დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” და მთელი ქართველი ხალხის ოპოზიციაში გადავიდა, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩენია. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებამ იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები აუცილებლად შეასრულებენ თავის მისიას - სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენენ, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტი გამოიწვია, რომელმაც 6 მაისს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის კომენტარით მოახდინა რეაგირება.

ზემოთქმულთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი ხელისუფალის განცხადება მოსკოვს, შესაძლოა, “შეუმჩნეველი” დარჩენოდა, უსუფაშვილს ოფიციალური განცხადება სწორედ 4 მაისს რომ არ გაეკეთებინა, საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, და სწორედ ვაზიანის პოლიგონზე, სადაც 11-დან 25 მაისის ჩათვლით საქართველო-ნატოს ერთობლივი სწავლება “Noble Partner” ჩატარდება.

დავით უსუფაშვილს ხაზი რომ არ გაესვა, პარტნიორების - ნატოს ქვეყნების დახმარებით საქართველო ყველა თავის საშინაო და საგარეო პრობლემას გადაჭრისო, სწორედ იმ წუთებში, როდესაც ის თავის განცხადებას აკეთებდა, ფოთის პორტში რომ არ გადმოეტვირთათ 8 ტანკი M1A2 “Abrams”, 7 ქვეითთა საბრძოლო მანქანა “Bradley” და ჯიპები “HUMMER”, რომლებიც შემდეგ რკინიგზით ვაზიანში გამოგზავნეს, რუსეთი, უბრალოდ, “არაფერს შეიმჩნევდა”. მითუმეტეს, რომ თავისი ტექნიკური მახასიათებლებით ეს ტექნიკა რუსულ ანალოგებს ვერც შეედრება და, მაშასადამე, რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

მოსკოვს სწავლებაში მონაწილე 800 ამერიკელი და ინგლისელი ჯარისკაცი და ამერიკული თვითმფრინავები С-130-იც კი არ “დაძაბავდა”, ჩვეულებრივ, გამოთქმებში ფრთხილი უსუფაშვილი ამავე დროს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ქართული ფილიალის დირექტორი და საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ქმარი რომ არ იყოს.

ხაზს ვუსვამთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ - ბიძინა ივანიშვილის ახალი ხელისუფლების მოსვლის მომენტიდან, მოსკოვს ერთხელაც არ მიუცია თავისთვის უფლება, “თბილისის რევანშისტული მისწრაფებების” შესახებ განეცხადებინა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ ძველი საგარეო პოლიტიკური (ევროატლანტიკური) კურსი შეინარჩუნა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო.  მაგრამ 2016 წლის 6 მაისს მოსკოვმა უკვე ვეღარ მოითმინა, რისთვისაც საქართველოს პარლამენტის ოპოზიციაში გადასული თავმჯდომარის “მადლობლები” უნდა ვიყოთ, რომელიც ამგვარი პროვოკაციული ანტისახელმწიფოებრივი გზითაც კი ცდილობს, პრობლემები შეუქმნას კონკურენტს - მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას”, რაც მაღალჩინოსანი რესპუბლიკელი ცოლ-ქმრისთვის დამახასიათებელია, ამიტომ აქ დავით უსუფაშვილთან შეკითხვები არ გვაქვს.

შეკითხვა გვაქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომლის კომუნიკაციებისა და პრესის დეპარტამენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის ზემოაღნიშნულ კომენტარზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“...გვინდა, ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსიროთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც უფლება აქვს, თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი სწავლება ჩაატაროს. გარდა ამისა, საქართველოს სუვერენული უფლებაა, დამოუკიდებლად განსაზღვროს სამხედრო სფეროში პარტნიორი ქვეყნები და მათთან თანამშრომლობის ფორმები.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული მანევრები არ არის მიმართული რომელიმე მხარის წინააღმდეგ. ანალოგიური სამხედრო სწავლება საქართველოში შარშანაც ჩატარდა. ამგვარი სწავლებებით საქართველო აღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას სამხედრო სწავლების და განათლების  სფეროში, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ნატოსთან შეთავსებადობა საქართველოს დიდი ხნის წინ გაცხადებული პოლიტიკაა, ისევე, როგორც აშშ-სთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა”, - ნათქვამია, კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შევახსენებთ ამ განცხადების ავტორებს, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი - ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობა სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე. რამდენადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება, ისევე როგორც კონსტიტუცია, არ მოქმედებს, საქართველო დღეს სუვერენული სახელმწიფო არ არის, ან შეიძლება ასეთად ჩაითვალოს მხოლოდ იმ ტერიტორიის საზღვრებში, რომელზეც სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობა ვრცელდება, ანუ - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირიბად აღიარებს ამ უკანასკნელთა დამოუკიდებლობას, როცა საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ აცხადებს?

საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების თანამშრომლებს, აგრეთვე, შევახსენებთ ტერმინ “სახელმწიფო სუვერენიტეტის” მეორე შემადგენელ ნაწილს, რომელიც უკვე სახელმწიფოს არა საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკას ეხება. სახელმწიფო შეიძლება ჩაითვალოს სუვერენულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თვითონ განსაზღვრავს ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებთან, ამ უკანასკნელთ კი უფლება არა აქვთ, მის საშინაო საქმეებში ჩაერიონ. და ეს - მეორე მიზეზია, რის გამოც დღეს, სამწუხაროდ,  საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარება არ შეიძლება.

საქინფორმის რედაქცია
2016 წლის 10 მაისი
საქართველო, თბილისი