საზოგადოება
„არ შეიძლება შიიტებისა და სუნიტების ერთ ორგანიზაციად გაერთიანება!“ – საია საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საია სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ასაჩივრებს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას, რომელიც ითვალისწინებს მუსლიმური, ებრაული, სომხური და რომაულ-კათოლიკური თემისათვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას, რადგან აღნიშნული დადგენილება შიიტებისა და სუნიტებისაგან ითხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი რელიგიური ჯგუფი კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.

 საიას განცხადებით, მეშვიდე საუკუნიდან გაყოფილი ორი მუსლიმური მიმდინარეობისათვის ერთ ორგანიზაციაში გაერთიანების მოთხოვნა და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დაფინანსებაზე უარის თქმა წარმოადგენს რწმენის და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას... მუსლიმური ჯგუფის მიმართ ადგილი აქვს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აკრძალულ დისკრიმინაციულ მოპყრობას. მთავრობის დადგენილება არ ავალდებულებს დაფინანსების მისაღებად სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას, მაშინ, როდესაც სომხური და კათოლიკური ეკლესია ისეთივე სქიზმაში (განხეთქილებაში) იმყოფებიან ერთმანეთთან, როგორც შიიტები და სუნიტები“.