პოლიტიკა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებს, რომ საერთაშორისო ვაჭრობის წესებს ამერიკა უნდა კარნახობდეს, და არა ჩინეთი

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. The Washington Post-ში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სტატია გამოქვეყნდა, სადაც ის აცხადებს, რომ მსოფლიო შეიცვალა, მასთან ერთად კი შეიცვალა ეკონომიკის წესები. “წესები იცვლება. ისინი აშშ-მა უნდა დაადგინოს და არა ჩინეთის მსგავსმა ქვეყნებმა”, - განაცხადა ობამამ.

 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუნ ლეიმ აღნიშნა ამერიკული მხარის ამბიციები, რომელიც თავს უფლებას აძლევს, ასეთი განცხადებები აკეთოს. მაგრამ ამასთან, დიპლომატის თქმით, აუცილებელია, ვაჭრობის წესები ყველამ ერთობლივად განსაზღვროს. “წესები მსოფლიოს ყველა ქვეყანამ ერთად უნდა განსაზღვროს, ერთმა რომელიმე ქვეყანამ კი არ უნდა გვიკარნახოს”, - ხაზი გაუსვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.