პოლიტიკა
“შენობაში ბომბია!” - 2 მაისს ოდესაში სააკაშვილის ძველი სპექტაკლი დადგეს (საქინფორმი)

 “შენობაში ბომბია!” - მოიგონა გაზეთ “ასავალ-დასავალის” მიერ მხილებულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რათა 2007 წლის 10 აგვისტოს ყველაზე გავლენიანი ქართული გაზეთის რედაქცია თბილისში მდებარე პრესის სახლიდან გამოეძევებინა. “შენობაში ბომბია!” – 2016 წლის 2 მაისს გუბერნატორმა სააკაშვილმა იგივე სპექტაკლი ოდესაში დადგა, რათა ოდესელები პროფკავშირების სახლთან არ მიეშვა 2 წლის წინ მისი თანამოაზრეების - უკრფაშისტი-ბანდერელების მიერ ცოცხლად დამწვართა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად.

 ორივე შემთხვევაში “განათლებულმა” ევროპამ და “დემოკრატიულმა” ამერიკამ დუმილი ამჯობინეს, თუმცა იმის დაჯერება, რომ მსგავსი რამ XXI საუკუნეში მოხდა, ძნელია... ორივე შემთხვევაში ბოროტმოქმედი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ცნობილია, მაგრამ დასჯილი არ არის: ხელისუფლება საკუთარ თავს ხომ არ დასჯის?!

 “რეფორმატორი” სააკაშვილით აღფრთოვანებულმა უკრაინელებმა უნდა იცოდნენ, რომ 2007 წლის 10 აგვისტოს, თბილისის ცენტრში, დილის 4 საათზე სააკაშვილის ხელისუფლება - ეკონომიკის სამინისტროს და ქალაქის მერიის მაღალჩინოსნების ხელმძღვანელობით ასობით შეიარაღებული პოლიციელის სახით - მერაბ კოსტავას №14-ში მდებარე შენობაში*  შეიჭრა და სიცრუით, რომ შენობაში ბომბია, ოფისებიდან ქუჩაში გამოყარა დაახლოებით 80 გაზეთისა და ჟურნალის რედაქციები, 2 ტელეკომპანია, ათამდე გამომცემლობა და ტიპოგრაფია თავიანთი ავლადიდებით, რის შედეგადაც სამ ათასზე მეტი ჟურნალისტი და ტექპერსონალი დროებით უმუშევარი დარჩა!

 2016 წლის 2 მაისს კი შეშინებულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ოდესის გუბერნატორის თხოვნით ოდესაში წინასწარ ჩაყვანილი ათასობით დამსჯელის - პოლკ “აზოვის”, “ნაციონალური გვარდიის” შეიარაღებული  ბოევიკების და პოლიციელების სახით - ამავე ცრუ საბაბით ჩაკეტა გასასვლელი ვითომდა დანაღმულ კულიკოვოს ველზე - ვითომდა დანაღმულ პროფკავშირების სახლამდე, სადაც ათასობით ოდესელი დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე მივიდა (შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 2 მაისს “მემარჯვენე სექტორის” და ე.წ. “მაიდნის თავდაცვის” რადიკალებმა კულიკოვოს ველზე პროფკავშირების სახლში ჩაკეტეს და აალებადი სითხით სავსე ბოთლებით ცოცხლად დაწვეს 48 ადამიანი. 247-მა დაზიანებები მიიღო, მათ შორის ზოგი - ჭკუიდან შეიშალა).

 2 მაისს, უკრაინელი ფაშისტების საზარელი დანაშაულიდან 2 წლის შემდეგ, ოდესელები იძულებული იყვნენ, ყვავილები პირდაპირ შეიარაღებულ კორდონში მდგარი ძალოვანების ფეხებთან დაეწყოთ, ზოგიერთმა გონება დაკარგა, რამდენიმე კი ინფარქტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს - გასულ ორშაბათს ოდესაში ძალიან ცხელოდა... შეკრებილებმა იმღერეს საბჭოთა სიმღერები - “წმინდა ომი”, “კატიუშა” და სკანდირებდნენ: “წაეთრიეთ ოდესიდან, ბანდერელო ეშმაკებო!”, “ფაშიზმი არ გაგივათ!” და “არ დავივიწყებთ - არ ვაპატიებთ!”.

 ამავე დროს კი ბანდერელებმა, სააკაშვილის ბრძანებით, აეროპორტიდან არ გამოუშვეს ოდესაში სამგლოვიარო პარაკლისზე ჩამოსული სახალხო დეპუტატები უმაღლესი რადას ოპოზიციური ბლოკიდან - ვადიმ ნოვინსკი, ევგენი ბაკულინი და იური ბოიკო - და აიძულეს ისინი, კიევში დაბრუნებულიყვნენ!

 ძალოვანებმა პროფკავშირების სახლთან მღვდელიც კი არ მიუშვეს, რომ არაფერი ვთქვათ დაღუპულთა ნათესავებზე, რომლებმაც ჰაერში ასობით შავი ბუშტი გაუშვეს და ამგვარად გამოხატეს მწუხარება უდანაშაულოდ დახოცილი ახლობლების გამო...

 მეტსაც გეტყვით - სააკაშვილის ბრძანებით უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტში დააკავეს გერმანელი ჟურნალისტები ულრიხ ჰაიდენი და საადი ისაკოვი, რომლებიც ოდესაში სამგლოვიარო ღონისძიებებზე უფლებადამცველი ორგანიზაცია “ოდესელი დედების” მიწვევით ჩაფრინდნენ. მათ აღუკვეთეს ადვოკატთან, საკონსულოს ან საელჩოს წარმომადგენლებთან დაკავშირების შესაძლებლობა, თანაც 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. მანამდე უკრაინაში შესვლა აეკრძალა პოლონელ ჟურნალისტ ტომაშ მაცეიჩუკს, რომელიც იქ ოდესის ტრაგედიის 2 წლისთავის მოვლენების გასაშუქებლად  ჩავიდა.

 P.S.  როგორც მკითხველი უკვე მიხვდა, არანაირი ბომბი - არც თბილისში 2007 წლის 10 აგვისტოს, არც ოდესაში 2016 წლის 2 მაისს - არ ყოფილა...

საქინფორმის რედაქცია
2016 წლის 5 მაისი
საქართველო, თბილისი

 

* რუსთაველის გამზირის მონაკვეთისთვის ცნობილი ქართველი დისიდენტის მერაბ კოსტავას სახელის დარქმევამდე პრესის სახლს გამომცემლობა “კომუნისტი” ეწოდებოდა, შემდეგ კი პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მას გამომცემლობა “სამშობლო” დაარქვა.