აქტუალური
„ჩვენ ჩამოვედით, რათა გაგვეგო, რამდენად სწრაფად შევძლებთ ბათუმში ჩვენი ტექნიკის გადმოსხმას“ – საქართველოში აშშ–ისა და ნატოს სამხედრო დელეგაცია ჩამოვიდა

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ისა და ნატოს დელეგაცია  ჩამოვიდა ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესის ხელმძღვანელობით. აეროპორტიდან ამერიკელმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებმა ბათუმის პორტში გადაინაცვლეს და მის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

 „ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოფიცრები აშშ-ის ევროპული სარდლობიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნატოდან და ევროპის ქვეყნებიდან. ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, რათა გავეცნოთ ბათუმის პორტის შესაძლებლობებს - თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენი ტექნიკის გადმოსხმა. ჩვენ, ასევე, ჩამოვედით საქართველოში, რათა ვაჩვენოთ თქვენს ქვეყანას, ჩემს კარგ მეგობარს და ძალიან კარგ სამხედროს - გენერალ კაპანაძეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებისთვის. მალე საქართველოში ერთობლივი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩატარდება. სწორედ ამ ადგილას შემოვა საქართველოში ბულგარეთიდან ბორანით წამოსული აშშ-ის არმიის სატანკო ასეული, რომელიც წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა.