სამართალი
დაზარალებულ მოქალაქეებს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდებათ

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს ქ. გორში მდებარე, უკანონოდ ჩამორთმეული 1 254 784 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდებათ.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ილია კაპანაძე და მისი ოჯახის წევრები ფლობდნენ სააქციო საზოგადოების 99% წილს, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა ქ. გორში მდებარე 2159 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართობით 998,7 კვ.მ.

2010 წლის 21 დეკემბერს დაზარალებულმა ილია კაპანაძემ და მისმა ოჯახის წევრებმა სააქციო საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის საერთო ღირებულება 1 254 784 ლარს შეადგენს, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით იძულებით გააჩუქეს სახელმწიფოზე.

უძრავი ქონების ჩამორთმევაში მხილებული პროკურორის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს პროკურატურის რიგები, გამოყენებულ იქნა დისკრეციული უფლებამოსილება.