პუბლიკაციები
ელზა ჯმუხაძე: "პროექტი "მის მკერდი 2016" მკერდის კიბოთი დაავადებული ქალბატონებისთვის ძალიან სენსიტიურ თემაზე უხეშ შეხებად შეიძლება იყოს აღქმული"

 პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯმუხაძე გამოეხმაურა საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებას "მის მკერდი 2016" და იგი შეაფასა, როგორც" მკერდის კიბოთი დაავადებული ქალბატონებისთვის ძალიან სენსიტიურ თემაზე უხეშ შეხებად, მტკივნეულ დარტყმად და დაცინვადაც კი". მან ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართა.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს, რათა საქართველოში 20 წლიდან დაიწიოს უფასო სკრინინგ პროგრამა დღეს დაწესებული  40 წელის სანაცვლოდ; ასევე მოვუწოდებთ - 100 პროცენტით დააფინანსოს მკერდის და საშვილოსნოს კიბოს მკურნალობა საქართველოში!" - ამის შესახებ ,,მემარცხენე ალიანსის,, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯმუხაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბოლო დღეებში დიდი ხალისით და სიამაყით გვამცნეს, რომ საქართველოში რუსეთის და უკრაინის წამხედურობით ჩატარდება ,,მის მკერდი 2016,, და ამ ღონისძიებიდან შემოსული თანხა საქართველოში მკერდის კიბოთი დაავადებულთა ფონდს ჩაერიცხება.

,,მემარცხენე ალიანსს,, მიაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოში პირი თავისუფალია და ნებისმიერი მიმართულებით არის შესაძლებელი ადამიანმა საკუთარი ღირსებები წარმოაჩინოს, მისასალმებელია ქველმოქმედებაც, მაგრამ ამავდროულად კატეგორიულად მიგვაჩნია, რომ ლამაზი და ჯანსაღი მკერდის საჯაროდ დემონსტრირების ღონისძიების მიძღვნა სწორედ მკერდის კიბოთი დაავადებული ადამიანებისადმი  რეალურად აღიქმება არა ამ ადამიანების დახმარებად, არამედ - მკერდის კიბოთი დაავადებული ქალბატონებისთვის ძალიან სენსიტიურ თემაზე უხეშ შეხებად, მტკივნეულ დარტყმად და დაცინვადაც კი.

ონკოლოგების საგანგაშო ინფორმაციით, მკერდის კიბო, რომლის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს სტრესიც წარმოადგენს, გაახალგაზრდავდა და რისკის ფაქტორის ქვეშ დღეს უკვე 20 წლის ქალბატონებიც კი მოიაზრებიან. 

ეროვნული სკრინინგ ცენტრი საქართველოში  კი მხოლოდ 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს ემსახურება და მართალია ეს ცენტრი უფასოდ ახდენს დაავადების დიაგნოსტიკას, მაგრამ ამის შემდეგ პაციენტები იძულებულნი არიან, მიმართონ კერძო კლინიკებს, რადგან ონკოლოგიური პროფილის სახელმწიფო სამკურნალო დაწესებულება ქვეყანაში არ არსებობს.

დღეს რეალობა ასეთია:

მას შემდეგ, რაც ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ხდება 40-დან 70 წლემდე ქალბატონების უფასოდ დიაგნოსტირება, პაციენტები სიმსივნის დიაგნოზით  საყოველთაო ან/და კერძო დაზღვევის ფარგლებში სახელმწიფოსგან იღებენ მკურნალობის სხვადასხვა პაკეტს და მათ ნებისმიერ შემთხვევაში უწევთ მკურნალობის თანადაფინანსება, რაც ნიშნავს, რომ ძვირადღირებული მკურნალობის საშუალოდ 20 -30 პროცენტის ხარჯები თავად უნდა გასწიონ, ეს კი ჩვენი უმუშევარი და უსახსრო მოსახლეობისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.       

საბოლოოდ გამოდის, რომ საქართველოში ქალბატონები ოთხ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ:

  • ჩვენი საზოგადოების ის მცირე ნაწილი, ვინც ეროვნული სკრინინგ ცენტრის უფასო დიაგნოსტირების პროგრამის ან/და საკუთარი ინიციატივით ჩატარებული კვლევების დახმარებით დროულად შეიტყო, რომ აქვს მკერდის სიმსივნე, მაგრამ თავისუფლად შეუძლია საყოველთაო ან/და კერძო დაზღვევის ჩართულობით თვითონაც გაუმკლავდეს ძვირადღირებულ მკურნალობას და იმედიანად შეხედოს მომავალს;
  • ის, ვინც შეიტყო, რომ აქვს მკერდის სიმსივნე, იცის, რომ დროული მკურნალობა ნიშნავს გადარჩენას, მაგრამ მის ყოველგვარ ძალას აღემატება თანადაფინანსებით ჩაიტაროს მკურნალობა, შეიძინოს ძვირადღირებული მედიკამენტები, ანუ არ გააჩნია კიბოსთან გამკლავების  არანაირი საშუალება და მიიჩნევს, რომ არის განწირული;
  •  ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებიც დღეს დაწესებული ასაკობრივი ქვედა ზღვარის გათვალისწინებით ვერ ექცევიან ეროვნული სკრინინგ ცენტრის უფასო დიაგნოსტირების პროგრამაში, რაც მკერდის კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში სრულიადახალგაზრდა ქალბატონებს კიდევ უფრო უძვირებს ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლას, პირდაპირპროპორციულად უძლიერებს დაუცველობის გრძნობას და უჩენს სრულიად გასაგებ ფსიქოლოგიურ პრობლემებს;
  • და ბოლოს ქალბატონები, ვისაც ბედმა გაუღიმა და ჯერ კიდევ აქვს ლამაზი, ჯანსაღი მკერდი, რომელსაც აგერ ფართო ასპარეზზეც იმათ დასანახადაც გააპიარებს, ვინც ეს ლამაზი მკერდი ან უკვე დაკარგა, ან იცის, რომ ხვალ-ზეგ დაკარგავს!

მდიდარია თუ ღარიბი, მკერდის კიბოს დიაგნოზს ერთგვარ განაჩენად აღიქვამს ნებისმიერი ქალბატონი, ამიტომ ამ პრობლემას ნამდვილად სჭირდება უფრო სერიოზული თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან.

,,მემარცხენე ალიანსი,, უკვე მუშაობს კიბოს პრობლემასთან დაკავშირებით ოპტიმალური გამოსავალის მოძებნის მიმართულებით და ამის შესახებ ჩვენი მოსახლეობისთვის მალე გახდება ცნობილი;

მანამდე კი ჩვენი კეთილი რჩევა იქნება, ნუ ვილაპარაკებთ ,,ჩამომღრჩვალის სახლში თოკზე,, და ისეთს ნურაფერს გავაკეთებთ, რომ ერთმა ადამიანმაც კი თავი თუნდაც მცირეოდენი დოზით დაკნინებულად იგრძნოს.  

დარწმუნებული ვარ, ,,მის მკერდი 2016,,-ს კონკურსის საქართველოში ჩატარების ორგანიზატორებს, როდესაც ეს ღონისძიება სწორედ მკერდის კიბოთი დაავადებულებს დაუკავშირეს, ამოძრავებდათ გულწრფელი მიზანი, დახმარებოდნენ ადამიანებს;

რა თქმა უნდა, მათ თავისუფლად შუძლიათ თავიანთი ქველმოქმედება სწორედ ამ მიმართულებით მიმართონ და სულაც არ გაითვალისწინონ ჩვენი პოზიცია, რომ ეს არის ცუდი პიარი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ,,მის მკერდი 2016,,-ის ორგანიზების პროცესში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც კეთილი განზრახვა პირველ რიგში სწორედ იმ ადამიანების უკურეაქციას იწვევს, ვისაც გვინდა რომ დავეხმაროთ:

საქართველოში ,,მის მკერდი 2016,,-ის ეგიდით გაწეული ქველმოქმედებით მიღებული სიკეთე ვერანაირად აღემატება იმ ტკივილს, რაც ამ ღონისძიების მიზნების აფიშირებით უკვე მიადგათ მკერდის კიბოთი დაავადებულ ჩვენს არავისზე ნაკლებად ლამაზ ქალბატონებს;

სწორედ ამიტომ:

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს, რათა საქართველოში 20 წლიდან დაიწიოს უფასო სკრინინგ პროგრამა დღეს დაწესებული  40 წელის სანაცვლოდ;

ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, 100 პროცენტით დააფინანსოს მკერდის და საშვილოსნოს კიბოს მკურნალობა საქართველოში!" - განაცხადა "მემარცხენე ალიანსის" იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ელზა ჯმუხაძემ.