პუბლიკაციები
„ბიძინა ივანიშვილმა ისეთი ხალხი შემოიკრიბა, მოიშორებენ და მთელ ქონებასაც დააკარგვინებენ“- გიგლა ბარამიძე

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი.

 რატომ არ მიდის ინფორმაციები ივანიშვილამდე, რა საფრთხეს უქმნის მას საკუთარი გარემოცვა, რატომ არ უნდა გაერთოს პრემიერობით კვირიკაშვილი, რა ემართებათ მეოცნებეებს ევროპაში წასვლის წინ? - ამ თემაზე „ახალ თაობას“ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

 - რამდენიმე დღის წინ გიორგი კვირიკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, არც ახლა და არც მომავალში დემოკრატიულ მოძრაობასთან და პატრიოტთა ალიანსთან არ ვითანამშრომლებთო. ამ დროს მისი რამდენიმე თანაპარტიელი ამბობს, რომ მომავალ პარლამენტში თქვენთან სიამოვნებით შექმნიან კოალიციას.

 - პრემიერზეა ნათქვამი, ამირან გულში მღეროდაო. გამოვიდა და განაცხადა, მოლოდინი უნდა გავაქარწყლო და დემოკრატიულ მოძრაობასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთო. ჩვენ არ გვეკითხება, გვინდა ან მასთან, ან სახელისუფლებო გუნდთან თანამშრომლობა? რა თქმა უნდა, მათთან არ წავალთ თანამშრომლობაზე და ისიც კარგად ვიცით, თუ რატომ ამბობს კვირიკაშვილი ჩვენზე ასეთ ცივ უარს. „ქართულ ოცნებას“, ისევე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, მხოლოდ იმ პარტიებთან სურთ თანამშრომლობა, რომლებიც მათი სატელიტები იქნებიან. ჩვენნაირი სოლიდური პარტიების ეშინიათ. რაც მთავარია, „ქართულ ოცნებასთან“თანამშრომლობა ჩვენ არ გვაწყობს.

 - ხართ ასეთ ცივ უარზე?

 - პირველ რიგში, არ გვინდა იმ შეუსრულებელი დაპირებების აკიდება, რომლებიც ხელისუფლებამ უხვად გასცა.„ქართულ ოცნებას“ ცუდად აქვს საქმე და მიკვირს, რატომ არის კვირიკაშვილი ასეთი თავდაჯერებული. მოლოდინის გაქარწყლებაზე მან ჩამოაგდო სიტყვა და მეც გავუქარწყლებ მოლოდინს, ვეუბნები, რომ მომავალ პარლამენტში ჩვენ თანამოაზრეებთან უმრავლესობას მოვიპოვებთ. შესაბამისად, უარს ვიტყვით ისეთ სუსტ პრემიერზე, როგორიც კვირიკაშვილია. ასე რომ, ნუ ცერცეტობენ და ნუ ჩქარობენ, ჯერ მოიგონ არჩევნები და მერე ილაპარაკონ. გიორგი კვირიკაშვილს მართალია პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება აქვს, მაგრამ პრემიერი ნამდვილად არ არის. ეს გასულ კვირას ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზეც დაამტკიცა. იქ არც მწვადი დაწვა და არც შამფური. როდესაც ნაცმოძრაობასთან წილნაყარი ჟურნალისტები რაიმე მწვავე კითხვას დაუსვამდნენ, ეტყოდა _ იმ 9 წლის მანძილზე ბევრი კარგი რამ გაკეთდაო. ნაციონალებზე თუ დასვამდნენ კითხვას, ამბობდა, წარსულზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ის წარმოჩნდა როგორც კარგი მენეჯერი, მაგრამ არამც და არამც ლიდერი და პრემიერი.

- პრემიერი ამბობს, წარსულზე საუბარს თავი უნდა დავანებოთ, ხალხი დაიღალაო. ამ დროს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, ნაციონალებს 9 წელი ყოველდღე უნდა გავახსენოთო. რა ხდება?

 - ხალხი ამათი ტყუილებით დაიღალა. რას ნიშნავს, წარსულზე ლაპარაკი უნდა დაასრულონ? აბა, იმ ხალხს ჰკითხოს ერთი, ვისაც ქონება წაართვეს და ცხოვრება დაუნგრიეს. წარსულს რომ თავი დაანებეს, ამიტომაც არის, რომ ლამის ყოველდღე დებენ ინტერნეტში ამა თუ იმ პირებზე საზიზღრობებს. წარსულს რომ თავი დაანებეს, ამიტომ ვერ მოუძებნეს სააკაშვილს 7 კოსტუმის და 1 პალტოს მეტი ვერაფერი და ისიც ოდესიდან ხელებს გვიქნევს და გვემუქრება. საარჩევნო სიებიც კი ვერ დაადგინეს და ესენი ამბობენ ჩვენზე, მათთან არ ვითანამშრომლებთო? ამ სიებზე ივანიშვილის განცხადება გამახსენდა. მან თქვა, რომ თავად გამოყოფდა ფინანსებს ამომრჩევლების ზუსტი სიის დასადგენად. არაფერი არ გააკეთეს და გვიმტკიცებენ, რომ საქართველოში 3 .200.000-ზე მეტი ამომრჩეველია. ამაზე მეტი დაცინვა რაღა გინდათ. თუ ქვეყანაში ამდენი ამომრჩეველია, მაშინ ჩვენი მოსახლეობა სულ მცირე 5.500.000 უნდა იყოს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს. ამაზე სხვა ფაქტებიც მეტყველებს.

 - რა ფაქტებია კიდევ?

 - წინა კვირაში ნაციონალების ერთ-ერთმა დანამატმა ენდიაიმ პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა. გამოვიდნენ „ოცნების“ ლიდერები და სერიოზული სახით დაიწყეს ამ სისულელეზე კომენტარების გაკეთება. გვიმტკიცებენ, პარლამენტში უმრავლესობით მოვალთ და ყველა მაჟორიტარულ ოლქში ჩვენ მოვიგებთ არჩევნებსო. რანაირად უნდა მოიგოთ არჩევნები, როცა თქვენი რეიტინგი პლინტუსის ქვევითაა. მათი ასეთი განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი ძალა არჩევნებში უხეშად აპირებს ჩარევას. ამას არეულობა და ხალხის ქუჩაში გამოსვლა მოჰყვება. ვაფრთხილებ, მოეშვან ცანცარობას და პოლიტიკურ კოხტაპრუწობას, თორემ აუტკივარ თავს აიტკივებენ.

 - ზემოთ ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ და რითი ხსნით მის გაუჩინარებას? ჯერ კიდევ გასულ წელს ამბობდა, რომ პოლიტიკაში თებერვლიდან გამოჩნდებოდა, მაგრამ დღემდე დუმს...

 - ვინ თქვა, რომ არ ჩანს. რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხდება, ეს ყველაფერი სწორედ მისი სტილია. ივანიშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს თავის გეგმას. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მხოლოდ მის მიერ წყდება. როგორც ივანიშვილი იტყვის, ყველაფერი ისე იქნება.

 - მის გუნდში რომ თითქმის ყველა საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, ეს რისი მანიშნებელია, ვიღაცებს სურთ, რომ მისი კონტროლიდან გავიდნენ?

 - ეს არაფერს არ ნიშნავს. ივანიშვილი ამ დონეზე არ ეშვება, ესენი მიშვებული არიან და რასაც უნდა, იმას ტლიკინებენ. გადაწყვეტილებას კი ივანიშვილი ღებულობს. ამ გუნდში არის რამდენიმე ღირსეული ადამიანი, რომლებიც ცდილობენ ამინდის შექმნას, მაგრამ არ გამოსდით.

 - ღირსეულ ადამიანებად ვის თვლით?

 - ოპოზიციაში ვარ და მათ გვარებს არ დავასახელებ. არ მინდა, მერე მათ ჩემთან ან ოპოზიციასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა დააბრალონ. ივანიშვილის ჩართულობაზე გავაგრძელოთ ისევ საუბარი. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილებებს ის ღებულობს, მაგრამ ბევრი რამის საქმის კურსში არ არის. მის გარშემო უამრავი ადამიანია, რომლებმაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ამ ხალხს ინფორმაცია კი მიაქვს, მაგრამ ისე, რომ მის კარზე საკუთარი პოზიციები გაიმყარონ. არავინ ეუბნება, ქვეყანაში რეალურად რა მდგომარეობაა. საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, პულსი აღარ ესინჯება. სამარცხვინოზე სამარცხვინოა, როცა ერთი ყმაწვილი კანდელაკი მთელ სახელმწიფო აპარატს ჯობნის საერთაშორისო არენაზე.

 ნატოსთან ხომ საცოდაობა ტრიალებს. იმას აღარ ვამბობ, ზოგიერთ მინისტრს საკუთარი თავი ნატო რომ ჰგონია. ცოტა ხნის წინ გვითხრეს, რომ მისი უდიდებულესობა მაპი არ გვჭირდება. წინა სამიტის დროს გვითხრეს, თურმე საჭირო ყოფილაო მაპი. ახლა გვეუბნებიან, მაპის გარეშეც შეგვიძლია ნატოში შესვლა. ქვეყანა 25 წელია ქარის წისქვილებს ებრძვის და ნატოში შესვლას ლამობს და ერთი სამოქმედო სტრატეგია არ აქვთ. რომელიმე უცხოელმა საქართველოზე თუ რამე წამოაყრანტალა, ჩაეჭიდებიან ამ აზრს და მთელი ქართული დელეგაცია თუთიყუშებივით იმ ვიღაცის ნათქვამს იმეორებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ნატოს ყოველი სამიტის წინ რაღაც არნახულ მოლოდინებს ქმნიან. არადა წინასწარ იციან, რომ ბუს კვერცხებს მიიღებენ. ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ გვითხრა, რომ ალიანსის გაფართოება არ იგეგმება.

 - მოდით, ისევ შიდა პოლიტიკურ პროცესებს დავუბრუნდეთ. წინა ინტერვიუში გამოთქვით ვარაუდი, რომ კვირიკაშვილსა და პრეზიდენტს შორის რაღაც გარიგება შედგა. ცოტა ხნის წინ ისინი ერთმანეთს არჩევნების თარიღის გამო დაუპირისპირდნენ და რა ხდება, რამეზე ვერ შეთანხმდნენ?

 - არა, არა, არა. ამათ არც გარიგება შეუძლიათ და არც გამორიგება. ამათი მთავარი ახლა ისაა, რომ როგორმე არჩევნებამდე თანამდებობები შეინარჩუნონ. ამისთვის რაღაც სცენარებს წერენ, რომ მოსახლეობის ყურადღება გადაიტანონ. ესენი რომ ასეთი ჩაჩნები არ ყოფილიყვნენ, ენდიაი იმას ვერ გაგვიბედავდა, რაც ბოლო კვლევისას გაბედეს. კითხვები ჩახლართეს, რათა ქართველ კაცს ზუსტად არ ეთქვა, რას თვლის ნომერ პირველ პრობლემად. ნაციონალებთან წილნაყარმა ენდიამ კითხვა ისე დასვა, რომ ქართველ კაცს ათქმევინა, ნომერ პირველი პრობლემა საჭმელიაო.

 - რაში აწყობდა ენდიაის ასეთი სურათის დახატვა?

 - იმ ჯგუფებს, რომლებიც ამ ორგანიზაციის უკან დგანან, ასეთი სურათი უნდათ. სურთ, დასავლეთს დაუმტკიცონ, რომ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აღარ უნდათ.

 - იქნებ მართლა ასეა?

 - გამორიცხულია. რაც არ უნდა უჭირდეს ქართველ კაცს, დედასამშობლოს პურს არ ანაცვალებს. ენდიაის და მათ დამქირავებლებს ამ განწყობის ჩაწიხვლა სურთ.

 - ზემოთ თქვით, რომ ივანიშვილთან რეალური ინფორმაცია არ მიაქვთ. თქვენი აზრით, მას ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებენ თუ მათთვის სასურველ ამბებს აწვდიან?

 - ყველა ცდილობს მის კარზე საკუთარი პოზიციის გამყარებას. ამიტომაც აწვდიან ისეთ ინფორმაციებს, რომლებიც მათ ინტერესებში შედის. ამის გარდა, მას ინფორმაციულ ვაკუუმშიც ამყოფებენ. ერთადერთი, ვინც მას რეალურ ინფორმაციას აწვდის, არის სუსის უფროსი ვახტანგ გომელაური. დანარჩენებს მასთან ტყუილი ინფორმაციები მიაქვთ. ივანიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებას კარგად რომ იცნობდეს, სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებდა.

 - დარწმუნებული ხართ, რომ სხვანაირ გადაწყვეტილებებს მიიღებდა?

 - დარწმუნებული ვარ. ამ კაცს ანალიზის შესანიშნავი უნარი აქვს, კარგი მოთამაშეა და სხვანაირად იმოქმედებდა. სამწუხაროდ, ეტყობა, არც ივანიშვილს სურს თავის გარშემო სიმართლის მთქმელი ხალხი. მას ისეთები სჭირდება, ვინც კარგად მოემსახურება. დაჩემებული აქვს ივანიშვილს ნიცშე. ჰოდა, მაგის ნიცშეს აქვს კარგი ნათქვამი მაგის გარშემო მყოფი ადამიანებისნაირებზე - პეშვიდან წყალი როგორც დაიცლება, ასე შემოეფანტება ეს ხალხი და მარტო დარჩება.

 - არის იმის ალბათობა, რომ გარემოცვამ მარტო დატოვოს?

 - ისეთი ხალხი შემოიკრიბა, მოიშორებს და მთელ ქონებასაც დააკარგვინებს მაგის გარემოცვა. ეს ხალხი ყველა ხელისუფლებას ასე მოექცა და არც ახლა დაიხევს უკან. მართალია, ივანიშვილი ხელისუფლებაში აღარ არის, მაგრამ რაც არ უნდა იფილოსოფოსოს კვირიკაშვილმა, გადაწყვეტილებებს მაინც ის ღებულობს. და რაკი ივანიშვილია ქვეყნის არაფორმალური მმართველი, უმჯობესი იქნება, რეალური სურათი იცოდეს.

geotimes.ge