პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: თბილისი და მოსკოვი უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკურ მორატორიუმზე, ერთგვარ დროებით სტატუსკვოზე

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი.  პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის  რუსეთთან შეერთების საკითხზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, თბილისი და მოსკოვი პოლიტიკურ მორატორიუმზე, ერთგვარ დროებით სტატუსკვოზე უნდა შეთანხმდნენ.

„გაცხადებულ სტრატეგიას, ტაქტიკას და რიტორიკას, რომლებსაც წლების მანძილზე ეყრდნობა საქართველოს ძველი თუ ახალი ხელისუფლება, – რაც არ უნდა მოხდეს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ხელისუფლების მიერ დროებით არაკონტროლირებად ორ სეპარატისტულ რეგიონში, თუ იგი საქართველოს ხელისუფლებასთან არ არის შეთანხმებული, მას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს (მითუმეტეს, ქართველების ეთნოწმენდის ფონზე!), – დიდი გამოცდა ელის, რადგანაც, როგორც ჩანს (რის საშიშროებაზე არაერთხელ ვაფრთხილებდი ხელისუფლებას!).

მოსკოვის კარნახით, ოსი სეპარატისტები "უკანასკნელი შეტევაზე გადმოდიან"! დიახ, ცხინვალში ჩაბუდებული ოსი სეპარატისტები იმუქრებიან, რომ – ამა წლის აგვისტომდე რეფერენდუმს ჩავატარებთ და რუსეთს მივმართავთ "თხოვნით", – შეგვიერთოსო! ანუ, ე.წ. პრეზიდენტ თიბილოვს და მისთანებს სურთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის "გაერთიანება" რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, რასაც "ხსნიან, – ორი ოსეთის, ანუ გაყოფილი ერის გამთლიანების ჰუმანიტარულ აუცილებლობით"!

ადრე, ოსმა სეპარატისტებმა ამდაგვარი "რეფერენდუმი" ორჯერ გამართეს, მაგრამ მათ შედეგი არ მოჰყოლია... მაშინ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" მოსკოვს "აღიარებული" არ ჰქონდა, დღეს კი ვითარება შეცვლილია (ჩვენთვის, დამძიმებულია!), რადგანაც მოსკოვმა 8 წელია, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი "დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა"... სანამ, რუსეთი 2008 წლის აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას აღიარებდა", მანამ, რუსეთი ცხინვალის რეგიონს საქართველოს ტერიტორიის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა, ამიტომ, მოსკოვი "თავს იკავებდა", რომ ესარგებლა ოსი სეპარატისტების "რეფერენდუმების" შედეგებით, რადგანაც, მოსკოვის აზრით, მაშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მიღება" რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, იქნებოდა რუსეთის ღია აგრესია მეზობელი ქვეყნის (საქართველო) მიმართ და მისი ტერიტორიის ნაწილის აშკარა ანექსიის აქტი!.. ხოლო, მას შემდეგ, რაც ოკუპანტმა რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა აღიარა", ამ შემთხვევაში, ცხინვალის მიერ გამართულ "რეფერენდუმს", ეტყობა მოსკოვისთვის "სხვა დატვირთვა ენიჭება", სავარაუდოდ, რუსეთი ამ "რეფერენდუმის" მოსალოდნელ შედეგებს განიხილავს, როგორც "დამოუკიდებელი სახელმწიფოს თხოვნას", რომ "მიიღოს" ფედერაციის შემადგენლობაში, თანაც მოსკოვი შეეცდება, რომ ცხინვალელი სეპარატისტების ეს "თხოვნა–მიმართვა" გაამყაროს, – "ორად გაყოფილი ოსი ერის გამთლიანების, კეთილშობილური მისიის აღსრულებით" და ამით, რუსეთმა დადებითი ფიარი გაიკეთოს იმ ქვეყნების და ერების წინაშე, ვისაც ეს პრობლემა აწუხებდა და დღესაც აწუხებს... რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ხდება მოსკოვის წაქეზებით, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ აფხაზი სეპარატისტებისგან განსხვავებით, ოსი სეპარატისტების 100% –ის ოცნებაა, რომ ცხინვალის რეგიონის ძირძველი ქართული მიწა–წყალი მოჰგლიჯონ საქართველოს და ისტორიულ ოსეთს (ჩრდილოეთ კავკასია!) მიუერთონ, რაც ასევე შედის მოსკოვის ინტერესში, იმ შემთხვევაში თუ საქართველო რუსეთს "საბოლოოდ უგანებს"!

მოკლედ, თითქოს ყველაფერი ცხადია და საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების პრობლემებზე ოკუპანტ რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგს აზრი არა აქვს, რადგანაც საქართველოს განვითრების დეკლარირებული ვექტორია ევროკავშირი და ნატო, ხოლო, საპარატისტი ოსები რუსეთში მიილტვიან, სეპარატისტი აფხაზები კი, რუსეთისკენ... ამიტომ, რუსეთი ყოველთვის მათი მხარდამჭერი იქნება, საქართველოს კი, მხოლოდ არაღიარების პოლიტიკის წყალობით, მომავალში შეიძლება გაუჩნდეს შანსი, რომ დასავლეთის მეშვეობით აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა... მაგრამ, ეს პესიმისტური პროგნოზი, რომელიც "გამიზნულად ინერგება" ჩვენში, მხოლოდ "ერთი შეხედვით ჩანს", რომ უალტერნატივოა, სინამდვილეში კი, საქართველოს აქვს "სხვა თამაში", რომელსაც ჩვენი ხელისუფლება, "რაღაცის თუ ვიღაცის შიშით", ვერ ბედავს რომ აწარმოოს, მაგრამ ამაზე სხვა დროს...

დავუბრუნდეთ ამ ავადსახსენებელ თემას, აქ საფრთხე რეალურია და იგი ზედაპირზე დევს, რასაც ჩვენს ხელისუფლებაში "ჯიუტად ვერ ხედავს", მავანი... რა საფრთხე და, თუნდაც ის, რომ დღეს რუსეთს "დასაკარგი ბევრი არაფერი დარჩა" და იგი, უკან დამხევი არ არის... რა მაქვს მხედველობაში? ის, რომ რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, რომელიც უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებებისთვის, კერძოდ კი, ყირიმის ანექსიის და დონბასში ომის გაღვივების გამო, უკვე 2 წელია მოქმედებს, ვერ შეცვალა რუსეთის პოლიტიკა, ვერც უკრაინის მიმართულებით და ვერც ზოგადად მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე!.. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ოსი სეპარატისტების "ოცნებების ასრულებას დაუშვებს" და "გააერთიანებს გაყოფილ ორ ოსეთს", მაშინ, დასავლეთმა, რაც არ უნდა დამატებითი სანქციები დაუწესოს მოსკოვს, რუსეთი ისევე "სტოიკურად შეხვდება ქართულ სანქციებს", როგორც "უკრაინულს"! ამიტომ, ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს, იმის იმედად ყოფნა, რომ რუსეთი "ამას არ გააკეთებს" (ვერ "გაბედავენ" რუსებიო, იმშვიდებენ თავს ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნები!), გახლავთ სრული მიამიტობა, ანდა შეგნებული ღალატი... დიახ ღალატი, რადგანაც დიდი სხვაობაა ორ პოლიტიკურ–სამართლებრივ მდგომარეობას შორის, ერთია, როცა შენი ტერიტორიის "დამოუკიდებლობა აღიარებულია" მეზობელი სახელმწიფოს მიერ, და მეორეა, როდესაც მეზობელი სახელმწიფო შენს ტერიტორიას მიიერთებს (ანექსია)! აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ "რას წარმოადგენს ეს მეზობელი სახელმწიფო"!..

გამომდინარე ზევით თქმულიდან, სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ უახლოეს კვირეებში, საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, შეძლონ და დაიწყონ პოლიტიკური დიალოგი რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებთან! ამ დიალოგის მთავარი საკითხი უნდა იყოს ის, რომ მომავალში რუსეთ–საქართველოს ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების დაწყებამდე, რაც ადრე თუ გვიან იმედია შესაძლებელი გახდება დასავლეთის აქტიური მონაწილეობით, დღეს, შექმნილ ვითარებაში თბილისი და მოსკოვი შეთანხმდნენ პოლიტიკურ მორატორიუმზე, ანუ, მხარეების მხრიდან ერთმანეთის მიმართ არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ იქნას მიღებული, რომლებიც შეეხება მათ პოლიტიკურ–სახელმწიფოებრივ ინტერესებს და დაფიქსირდეს ამჟამად არსებული მდგომარეობა, ერთგვარი დროებითი სტატუს–კვო!..

P.S. ხელისუფლებავ, "იჩქარე ნელა", აგვისტომდე ორთვენახევარია!!..- განაცხადა ჯუმბერ კირვალიძემ.

webarchive.su