რელიგია
„ღმერთმა ინებოს, შევძლოთ ჩვენი სულის, გულის, გონების ბიწისა და ცოდვებისგან განწმენდა, რათა ქრისტეს ნათელმა ჩვენ შორის დაიმკვიდროს“ – ილია მეორე

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. 27 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და ღვთიური ნათების თაობაზე იქადაგა.

 „ფერისცვალების დროს თქვენ იცით, რომ მისი სახე ბრწყინავდა და მისი სამოსელი ელვარებდა. ლოცვაში წერია, რომ უფალმა აჩვენა მოციქულებს მისი დიდება – არა სრულყოფილი დიდება, არამედ ის დიდება, რამდნადაც შეეძლოეხილა მოციქულებს. მთელი ნათება რომ ეჩვენებინა, ამ ნათებას მოციქულები ვერ აიტანდნენ.

 როცა მოსე წინასწარმეტყველი მთაზე ავიდა, მას ათი მცნება მიეცა. როცა ჩამოვიდა, მისი სახე ღვთაებრივი ნათებით ანათებდა. ეს ნათება იმდენად დიდი იყო, რომ იძულებული იყო, სახეზე და თავზე შესამოსელი გადაეფარებინა. როცა იერუსალიმში აღდგომის წინ ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის, ეს არის ნაწილი იმ ნათებისა, რომელიც უფალს ახლავს.

 ღმერთმა ინებოს, შევძლოთ ჩვენი სულის, გულის, გონების ბიწისა და ცოდვებისგან განწმენდა, რათა ქრისტეს ნათელმა ჩვენ შორის დაიმკვიდროს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მცირედი ღვთიური ნათების მატარებელი”, – აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.