პუბლიკაციები
"რესპუბლიკურ პარტიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგივე "ბედი ელის", რაც 2008 წელს"!

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც სააკაშვილმა "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატს ლ.გაჩეჩილაძეს "აჯობა", პირველი სუბიექტი ვინც განაცხადა "გაერთიანებული ოპოზიციიდან" გასვლის შესახებ, გახლდათ "რესპულიკური პარტია", რამაც გამოიწვია მრავალსუბიექტიანი "გაერთიანებული ოპოზიციის" დაშლის პროვოცირება, რის შედეგადაც იმავე წლის მაისში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის "ნაცმოძრაობამ" დიდი უპირატესობით გაიმარჯვა "გაერთიანებულ ოპოზიციურ" ბლოკზე. "რესპუბლიკელებმა" მაშინდელი საკუთარი გადაწყვეტილება "გაერთიანებული ოპოზიციიდან" გასვლის თაობაზე შემდეგნაირად "ახსნეს", მათ განაუცხადეს პარტნიორებს და საზოგადოებას, რომ სურვილი აქვთ დამოუკიდებლად სცადონ ბედი საპარლამენტო არჩევნებში, რადგანაც მიაჩნიათ, ამგვარად "სრულად გამოჩნდებოდა მათი რეალური შესაძლებლობები", რაც ხელს შეუწყობდა პარტიის "განვითარების" პროცესს.

გარდა ამისა, "რესპუბლიკელები" მაშინ თვლიდნენ (სამართლიანადაც!), რომ პოლიტიკური პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, დიდად წაადგებოდა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების და ზოგადად პოლიტიკური კულტურის გაჯანსაღებას და ამაღლებას.

დიახ, 2008 წლის გაზაფხულისთვის ასეთი გახლდათ რესპუბლიკელების "უდრეკი პოლიტიკური პოზიცია", რაც განახორციელეს კიდეც, ანუ მათ "თავაწეულებმა" დატოვეს "გაერთიანებული ოპოზიციის" რიგები და დამოუკიდებლდ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი და "თავჩაღუნულები" დარჩნენ პარლამენტს მიღმა! აი, დღეს კი, 2016 წლის გაზაფხულისთვის, ანუ 8 წლის შემდეგ, "რესპუბლიკელების" პოზიცია სხვაგვარია, საპარლამენტო არჩევნებისთვის ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, როგორმე დარჩნენ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტნიორებისგან მათი მისამართით გაკეთებული არაერთი "მწარე" განცხადება მოისმინეს, რასაც ადრე "ვერ აიტანდნენ და არ გაატარებდნენ", ამჟამად, "დიდი მოთმინებით აღჭურვილნი" კოალიციის ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობენ! თუ რატომ, ალბათ ადვილი მისახვედრია, თუნდაც 8 წლის წინანდელი გამოცდილება მეტყველებს ამის შესახებ! თუმცა, არ უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ "რესპულიკელები" თუ დაინახავენ კოალიციის ერთიანობის შენარჩუნება არ ხერხდება, მაშინ ისინი, როგორც 8 წლის წინათ, პირველები დატოვებენ კოალიციის რიგებს და შეეცდებიან, ეს ნაბიჯი 'რესპუბლიკელების" ინიციატივად "მიჰყიდონ ამომრჩევლებს"! მაგრამ, არა მგონია ამგვარმა ქმედებამ რაიმე შეცვალოს "რესპუბლიკელებისათვის", რადგანაც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, რესპუბლიკურ პარტიას იგივე "ბედი ელის", რაც 2008 წელს, ანუ, ისინი საპარლამენტო "ოფსაიდში" აღმოჩნდებიან!!!...

 

ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი

guardian.ge