პუბლიკაციები
“მფრინავებიდან ზოგი აფრიკაში დაფრინავს, ზოგი გალოთდა, ზოგი სამოქალაქო ავიაციაშია. იგივე სიტუაციაა საჰაერო თავდაცვაში”- თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შესახებ.

 ტექსტს mediacity.ge სრულად გთავაზობთ:

 „არ ვაპირებდი ამის დაწერას, მაგრამ შეიარაღებულ ძალებში შემწინააღმდეგებელი და საღი აზრის გამომთქმელი, ეტყობა, აღარავინ დარჩა. კომფორმიზმი მავნებლობაა.

 რატომ დავწერე რეფორმა ბრჭყალებში? იმიტომ, რომ სარდლობის გაუქმებას არაფერი აქვს საერთო რეფორმასთან.

 თუ ვიკიპედიას მაინც წავიკითხავთ, რეფორმა ნიშნავს ცვლილებებს რაიმე სფეროში მისი ფუნქციონალური საფუძვლების შენარჩუნებით.

 საჰაერო ძალების სარდლობის გაუქმება მთლიანად ანგრევს მის ფუნქციონალურ საფუძვლებს, რასაც ქვემოთ დავასაბუთებ.

 რა კულტურაც ჩვენთან ჩამოყალიბდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, თუ არ შევცვლით, წელში ვერ გავიმართებით.

 კერძოდ, ყოველი სტრუქტურის ახალი ხელმძღვანელი თავს ვალდებულად თვლის ძირეულად ამოაყირაოს ყველაფერი და ისტორიის ათვლას მისი დანიშვნიდან იწყებს. ასეა უკვე მრავალი წლის განმავლობაში.

 ვისაც მართვის თეორია გადაუფურცლავს, იცის, რომ ყველაზე წარმატებული რეფორმაც კი, გარკვეული პერიოდით მართვის ეფექტიანობის კლებას იწვევს და მხოლოდ შემდეგ იძლევა ეფექტს. რამდენად მალე მივიღებთ სასურველ ეფექტს, დამოკიდებულია რეფორმის ხარისხზე.

 ეს ეხება რეფორმას და არა სტრუქტურულ რეორგანიზაციას და ფუნქციონალური საფუძვლების შეცვლას. ამ შემთხვევაში შეფასება სულ სხვაგვარად ხდება, რადგან, შესაძლოა მართვის ეფექტიანობა გავაუმჯობესოთ, თუმცა სისტემის (სფეროს) ეფექტიანობა გაუარესდეს.

 ახლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა ხშირად იცვლება სტრუქტურის ხელმძღვანელი.

 მცირე სტატისტიკა: საქართველოში ბოლო 11 წლის განმავლობაში შეიცვალა 10 თავდაცვის მინისტრი (ამდენივე პრემიერ-მინისტრი), 7 გენერალური შტაბის უფროსი, 7 საჰაერო ძალების სარდალი (სხვა თანამდებობის პირები არ დამითვლია). თუ გავითვალისწინებთ, რომ 2010 წლიდან 3 წლის მანძილზე ავიაცია და საჰაერო თავდაცვა სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში ცალ-ცალკე კომპონენტებად უკვე იყო, შესაბამისად კიდევ რამდენიმე სარდალი დაამატეთ.

 ფაქტიურად, მივიღეთ სიტუაცია, როცა ჩვენი არმია, კერძოდ საჰაერო ძალები, ქრონიკული საკადრო ცვლილებების და რეორგანიზაციის პირობებში იმყოფება. საკვირველიაფეხზე როგორ დგას. თუმცა, დგას?

 ასეთი ხშირი საკადრო ცვლილებები და რეორგანიზაციები (შტატების და სტრუქტურების პერმანენტული ცვლა, შესაბამისად ხელახალი დანიშვნებით), იწვევს სამხედრო მოსამსახურეთა მუდმივი შიშის ქვეშ ყოფნას, მათ დემორალიზებას, ინიციატივის ჩაკვლას.

 ახლა დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას, რას ნიშნავს რეფორმა?

 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეფორმა ტარდება კონკრეტულ სფეროში, მასში ცვლილებების შესატანად, რომლებიც არ ითვალისწინებს ფუნქციონალური საფუძვლების შეცვლას.

 ნებისმიერ რეფორმას წინ უნდა უძღოდეს სფეროს შესწავლა, მდგომარეობის ანალიზი, მისი სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა. ამის შემდეგ ვისახავთ კონკრეტულ მიზანს (მიზნებს), თუ რომელი ხარვეზების გამოსწორებას ვგეგმავთ, ან რისი მიღწევა გვსურს, ვამუშავებთ ამ მიზნის (მიზნების) მიღწევის ღონისძიებებს, გზებს, კონკრეტულ დეტალურ პროგრამას.

 ამ სამუშაოს ყველა ეტაპზე ახლავს შესაბამისი დასაბუთება, მეტწილად ოპერატიულ-ტაქტიკური, საფინანსო-ეკონომიური და სხვა ტიპის გათვლებით.

 ასეთი მიდგომის გარეშე საქმე გვაქვს არა რეფორმასთან, არამედ სტიქიურ და გაუაზრებელ ქმედებასთან.

 თუ ვინმე მაჩვენებს საჰაერო ძალებთან მიმართებაში მსგავს დასაბუთებას, სიამოვნებით განვიხილავ. თუმცა, ვიცი, რომ ასეთი რამ არ არსებობს.

 რთულია რაიმე ახსნა მოვუნახოთ საჰაერო ძალების სარდლობის უკვე მეორედ გაუქმებას ბოლო 5 წლის განმავლობაში.

 ვინმემ გაანალიზა რა შედეგები მოჰყვა პირველ გაუქმებას? ვინმე, ვისაც ეს თანამდებობით ეხება, კერძოდ, საჰაერო ძალების სარდლის ჯერ კიდევ მოვალეობის შემსრულებელი, ან გენერალური შტაბის უფროსი, შეძლებს მეტი პრინციპულობა გამოიჩინოს? ბოლო-ბოლო, თუ არ გისმენენ, გადადექით, ისტორიაში მაინც შეხვალთ არა დამანგრევლის სახელით.

 თუ არ გაგიანალიზებიათ, მე მოგახსენებთ, რომ კატასტროფული შედეგები მოიტანა წინა გაუქმებამ და ახლა კი ჩამარხულს ფეხებით დატკეპნით.

 გაუაზრებელირეფორმების" შედეგად კატასტროფული ზიანი მიადგა საჰაერო ძალების საკადრო რესურსს. მფრინავებიდან ზოგი აფრიკაში დაფრინავს, ზოგი გალოთდა, ზოგი სამოქალაქო ავიაციაშია. იგივე სიტუაციაა საჰაერო თავდაცვაში. ამაზე მეტის თქმის უფლებას თვითცენზურა არ მაძლევს.

 იგივენაირად ვიზღუდები შეიარაღების და ტექნიკის მდგომარეობის ანალიზის საკითხში. ერთს დავწერ, რომ საერთოდ მოშლილია კვალიფიციური ტექნიკური ზედამხედველობა. სრულიად გაუაზრებლად, არაგეგმიურად იხარჯება საავიაციო ტექნიკის რესურსი.

 მე ამ თემაზე საუბარს არ შევწყვეტ, რადაც არ უნდა დამიჯდეს. შევეცდები ხმა მივაწვდინო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, რადგან, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, თავდაცვის სამინისტროს ჩემი არ ესმის. ბოლო 10 წლის მანძილზე უამრავ თანამდებობის პირს, მინისტრებს, გენშტაბის უფროსებს, სარდლებს, შევთავაზე როგორც ჩემი გამოყენება გარკვეულ თანამდებობებზე, ასევე საექსპერტო დახმარება სრულიად უანგაროდ, საზოგადოებრივ საწყისებზე. შედეგი არ დადგა.

 ახლა რაც შეეხება საჰაერო ძალების ფუნქციონალური საფუძვლების მოშლას.

 როგორი სტრუქტურული ცვლილებაც იგეგმება, საქართველოს აღარ ეყოლება უფლებამოსილი ორგანო სახელმწიფო ავიაციის ზედამხედველობაზე და საჰაერო სივრცის კონტროლზე.

 თეორიული უცოდინარობის და პრაქტიკული გამოუცდელობის გამო სახელმწიფო ავიაციის ზედამხედველობის ინსტიტუტი მოიშალა. არც იცის არავინ რას ნიშნავს ეს. სამოქალაქო ავიაციაში ასეთ ზედამხედველობას ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. სახელმწიფო ავიაციაში ვინ განახორციელებს, გენშტაბი თუ სახმელეთო ჯარები? ჰო, სახმელეთო ჯარების შტაბიც არ იქნება. მაშინ ვინ, რომელი სარდლობა, დასავლეთის თუ აღმოსავლეთის, გენშტაბის რომელი დეპარტამენტი?

 სახელმწიფოში საჰაერო სივრცეში სახელმწიფო საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებელია თავდაცვის სამინისტრო. ბატონებო, თქვენს მიერ დაგეგმილირეფორმით" როგორ განახორციელებთ ამ ფუნქციას? საერთოდ, ვინმეს გესმით, როგორ უნდა მოხდეს საჰაერო სივრცის კონტროლი, ვინ და რაზეა პასუხისმგებელი საჰაერო სივრცეში? დარღვევის შესახებ საქაერონავიგაციას კი არ უნდა ეკითხებოდეთ, დაირღვა თუ არა სახელმწიფო საზღვარი, ამას საჰაერო თავდაცვის ცენტრალური საკომანდო პუნქტი განსაზღვრავს. მეტიც, თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს ზედამხედველობას საჰაერო სივრცის სწორად გამოყენებაზე.

 წარმოდგენა გაქვთ, ორი სახმელეთო სარდლობის და გაუქმებული საჰაერო ძალების პირობებში როგორ მოახდენთ საჰაერო სივრცის დაცვას, როგორ ააწყობთ მართვის ცენტრალიზებულ სისტემას რადარიდან პრეზიდენტამდე, პრეზიდენტიდან ღილაკის დამჭერამდე? იცით რა ტიტანური სამუშაოა ჩასატარებელი?

 დაგეგმილი ცვლილებების პირობებში არც ფრენის უფლება გექნებათ, არც საჰაერო სივრცის კონტროლის. რასაც გეგმავთ, ეს იგივეა, სამინისტროები რომ გაუქმდეს და ყველაფერი მთავრობის კანცელარიაში შევიდეს. შეიძლება ასეთი რეფორმა?

 როგორც ინფორმაცია გავრცელდა, უმაღლეს მთავარსარდალთან სტრუქტურების განხილვისას პრეზიდენტმა დაამტკიცა დასავლეთის და აღმოსავლეთის სარდლობა, ხოლო საჰაერო ძალებთან დაკავშირებით მისცა ერთთვიანი ვადა წინადადებების წარმოსადგენად.

 რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გენერალური შტაბის უფროსი სარდლობის გაუქმების წინააღმდეგია. მაშ რა ხდება, ვინ უკრავს პირველ ვიოლინოს? ხვალ რომ ომი დაიწყოს, მაშინაც არ მოუსმენთ გენშტაბის უფროსს?

 რამდენადაც მე ვხვდები, თავდაცვის მინისტრი შეცდომაში შეყავთ. სარდლობის გაუქმებას ერთი ხელის მოწერა ყოფნის, შედეგების გამოსწორებას არ ეყოფა წლები. ჯერ, წინა გაუქმების შედეგად მიყენებულ ზიანზე არ უგია პასუხი არავის.

 ისე, მე არც დასავლეთის და აღმოსავლეთის სარდლობების შექმნას ვემხრობი ამ ფორმით.

 2010 წელს რა პროგნოზიც გამოვაქვეყნე საჰაერო ძალების გაუქმების შესაძლო უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ყველაფერი გამართლდა. ამჟამად უარესი პროგნოზი მაქვს. ვერც ეკონომიურ ეფექტს მიაღწევთ. პირიქით, შედეგების გამოსწორებას შემდეგ მეტი რესურსები დაჭირდება.

 მთელი შეირაღებული ძალები ნატოს სტანდარტისკენ ილტვის, ავიაცია და საჰაერო თავდაცვა აფრიკულისკენ?

 ხალხნო, სამხედროებს მოგმართავთ, ბალტიისპირეთის გამოცდილება მაინც შეისწავლეთ.

 თუ არ იცით, იკითხეთ რა ფუნქციები აკისრია საჰაერო ძალებს. რომელი ქვეყნისგან იღებთ მაგალითს, რომელი სტანდარტებით მიქმედებთ? ნატოში თქვენზე ადრე ვარ ნამყოფი, იქ მსგავსს არ ითხოვენ და ასეთი სტრუქტურა არავის აქვს.

 თუ მე არ ვარ თქვენთვის ავტორიტეტი, ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე სარდალია ცოცხალი, იმათ დაეკითხეთ რა უნდა აკეთოს საჰაერო ძალების სარდლობამ.

 ამ წლების მანძილზე ისედაც დიდი ზარალი მიადგა, ნუ ჩააჭედებთ ბოლო ლურსმანს.

 კიდევ ერთი. მოსალოდნელი ფრანგული კონტრაქტის პირობებში, როცა სახელმწიფოსთვის უზარმაზარ თანხას კრედიტად ვიღებთ, რა ტექნიკაც გვაქვს იმისთვის ვერ მოგვივლია და ფიქრობთ, რომ ახალ ტექნიკას არ დაჭირდება სარდლობა? არ დაჭირდება უშუალოდ პასუხისმგებელი ორგანო? თუ საჰაერო თავდაცვა პრიორიტეტია, გენშტაბის უფროსს არ უნდა ყავდეს მოადგილე ამ დარგის საკურატოროდ?

 და ბოლოს, მაინტერესებს ვინაა პასუხისმგებელი, რომ ახალ ტექნიკას იგივე ბედი არ მოელის, რაც აგვისტოს ომამდე ნაყიდს მოუვიდა? არ გეშინიათ პასუხისმგებლობის?

 ალბათ, არავის არაფრის ეშინია, რადგან ჯერ არავის არავისთვის პასუხი არ მოუთხოვია.

 ვიცი, ბევრს არ მოეწონება ეს სტატია, მაგრამ პირადი ურთიერთობების გაფუჭების შიშით, თვალს ვერ დავხუჭავ, როცა 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ სარდლობის გაუქმება არაფრით არ შეიძლება და ეს დიდ ზიანს მოიტანს.

 მთელი პასუხისმგებლობით მოგმართავთ, რომ სარდლობის გაუქმებით ბევრს გაახარებთ ირგვლივ.

 ნორმალურ სახელმწიფოში ასეთ საკითხებზე ყველა სპეციალისტი უნდა მოიწვიონ და კარგად აწონ-დაწონონ. დარწმუნებული ვარ თავდაცვის მინისტრი გაითვალისწინებს ამ მოსაზრებებს და არ იჩქარებს გადაწყვეტილების მიღებას. მეტიც, არ დათანხმდება ასეთ რჩევებს. ვაი თუ უი სპეციალისტების ნაკარნახევით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელი პირველი პირები არიან.

 P. S. სხვათაშორის, მაინტერესებს, რა ბედი ეწია პატრიარქის ნაკურთხ საბრძოლო დროშას, რომელიც სარდალს 2004 წელს გადაეცა?