რელიგია
„მე კი არ მებრძვის პიროვნულად, ეკლესიას ებრძვის და ეს არ დაუმთავრდებათ კარგად“ - ეპისკოპოსის პასუხი უმრავლესობის ლიდერს (ვიდეო)

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ფეისბუქში გაკეთებულ განცხადებას "TV პირველთან" ინტერვიუში პასუხობს. თუ მე მებრძვის ვინმე, მე კი არ მებრძვის პიროვნულად, ეკლესიას ებრძვის და ეს არ დაუმთავრდებათ კარგად“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში (ვიდეო იხ. აქ).

 შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მმართველი უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "ზოგიერთ ღვთისმსახურს" მოუწოდა, რომ შემოქმედელი ეპისკოპოსის რეზიდენციის ისტორიული შენობა ოზურგეთის ცენტრში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბად არ აქციოს:

 „ალო, ოზურგეთი, გურია!!! არ ასვენებს გამჩენი ზოგიერთ შატალოზე მყოფ პარლამენტარს, არც ყოფილი გუბერნატორების ზოგიერთ ყოფილ მოადგილეებს და წარმოიდგინეთ, არც ზოგიერთ ღვთისმსახურს, ყველას სიყვარულს რომ იტევს გულში, მას რომ კითხო. იმედია მაგ ისტორიულ სასახლეზე, რომელიც ერმა დიდსულოვნად დაგითმოთ, ნაცმოს საარჩევნო შტაბის აბრას არ გამოაკრავთ და შიგნით მართლა შტაბს არ გამართავთ“, - წერს, კერძოდ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კვაჭანტირაძე, რომელმაც მოგვიანებით ერისთავების ყოფილ სასახლეში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა: „ახლახან შემატყობინეს, რომ აღნიშნულ შეხვედრას ოზურგეთში ესწრება ჩემთვის უაღრესად საპატივცემულო მეუფე საპატრიარქოდან... დარწმუნებული ვარ, რომ იქ, სადაც ის იმყოფება, მხოლოდ სიკეთე სუფევს. არ მინდა მას იოტისოდენად მაინც გული ვატკინო და გულწრფელად ბოდიშს ვუხდი".