საზოგადოება
„აშშ შეცდა, როცა საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მოაწყო!“ – აშშ–ის თავდაცვის ექსმინისტრი უილიამ პერი

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. "ცივი ომის" დამთავრებისთანავე რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება. ასეთი განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა უილიამ პერიმ.

 პერიმ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში სამი მომენტი გამოყო, რომლებმაც ხელი შეუწყო "ცივი ომის" შემდეგ ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობაში გაჩენილი აღმავლობის მინავლებას.

 "პირველი ნაბიჯი, რომელმაც მცდარ გზაზე დაგვაყენა, მაშინ გადაიდგა, როცა ნატო-მ გაფართოება დაიწყო და შეიერთა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომელთაგან ზოგიერთი რუსეთს ესაზღვრება", - განაცხადა უილიამ პერიმ.

 პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი ამ ნაბიჯს რუსეთის მიმართ ამპარტავნულს უწოდებს. შემდგომ, პერი შეცდომად მიიჩნევს აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებას.

 "ჩვენ (ეს სისტემა) ჩაფიქრებული გვქონდა, როგორც ირანის ბირთვული რაკეტებისაგან დაცვა, თუმცა მათ ისინი არა აქვთ, მაგრამ ეს სხვა საკითხია", - თქვა პერიმ. დაბოლოს, მესამე მომენტი, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობა გააუარესა - ეს არის "ფერადი რევოლუციების" მხარდაჭერა, კერძოდ, საქართველოსა და უკრაინაში.

 პერი ამგვარ მხარდაჭერას სრულიად ეთიკურად მიიჩნევს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა დღევანდელ სახიფათო დაძაბულობამდე ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

 ამასთან, პერიმ დააზუსტა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობის გამწვავება სირიაში და უკრაინაში რუსეთის პოლიტიკამ გამოიწვია.

 უილიამ პერის ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტი 1994-დან 1997 წლამდე ეკავა.