პუბლიკაციები
პოლიტოლოგი: საჭიროა, ორი პოლიტიკური ძალა - „პატრიოტთა ალიანსი" და „დემოკრატიული მოძრაობა" გაერთიანდნენ

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძის განცხადებით, IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევა ემსახურება „ნაციონალების" და თავისუფალი დემოკრატების" ინტერესებს. კირვალიძე თვლის, რომ საჭიროა, ორი პოლიტიკური ძალა - „პატრიოტთა ალიანსი" და „დემოკრატიული მოძრაობა" გაერთიანდნენ და „ქართული ოცნების" რეალურად ერთადერთი ალტერნატივა შეიქმნას:

 „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად, კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდი ხმას, - ქართულმა ოცნებამ" 36% მიიღო და იგი ლიდერობს. დანარჩენ პარტიათა ადგილები ასე გადანაწილდა:

 „ნაციონალური მოძრაობა" 14%,
 „თავისუფალი დემოკრატები" 10%,
 „ლეიბორისტული პარტია" 6%,
 „დემოკრატიული მოძრაობა" (ბურჯანაძე) 5%,
 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.

დიახ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე აშკარად ჩანს, რომ ეს კვლევა და „გამოყვანილი შედეგი" მიკერძოებულია, იგი ემსახურება „ნაცმოძრაობის" და „თავისუფალი დემოკრატების" ინტერესებს!

ამავდროულად, ეს კვლევა ყოველგვარი „მორიდების გარეშე" დაბლა წევს ორი პარტიის რეიტინგს, ესენია - ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა" და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", რომლების შედეგებიც შარშან ადგილობრივ არჩევნებში მაღალი იყო და მას შემდეგ უფრო გაიზარდა. კვლევის ავტორებმა ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი „დემოკრატიული მოძრაობის" და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" რეიტინგზე „წინ ჩასვეს", ეს ერთგვარი „ტექნიკური სვლაა", ამ მეთოდით IRI ცდილობს, რომ „დააჯეროს" ამომრჩეველი „კვლევის ობიექტურობაში"! ანუ, ეს სამივე პარტია არ ითვლება ე.წ. პროდასავლურ პარტიებად და მკვლევარების „სურვილია", რომ ისინი „ერთ ქვაბში მოხარშონ".

მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ მზარდი რეიტინგის მქონე „დემოკრატიული მოძრაობა" და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ნათელაშვილის დაბალრეიტინგიან ლეიბორისტულ პარტიას გაუთანაბრონ და ამით დააკნინონ მათი მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რათა „გზა გაუკაფონ" - „ნაცებს" და „თავისუფალ დემოკრატებს"! რეალურად კი, საქართველოში პოლიტიკური პარტიების „რეიტინგული სურათი" ასეთია: 1.„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", 2. და 3. ადგილებს თითქმის თანაბრად ინაწილებენ - ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა" და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".

IRI-ის ამ კვლევის გაანალიზების შემდეგ, დაკვირვებული ადამიანებისათვის, მითუმეტეს პოლიტიკოსებისათვის ძნელი არ უნდა იყოს იმის მიხვედრა, თუ რა განლაგებით სურთ ქართული პოლიტიკური საჭადრაკო დაფის დაწყობა (ახალი პარლამენტის შემადგენლობა) ძლიერთა ამა ქვეყნისა , - როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ! ამიტომ, იმისთვის, რომ წინ აღუდგნენ მავანთა „მზაკვრულ გეგმებს", ეს ორი პარტია უნდა გაერთიანდეს, რაც ერთადერთი შესაძლებლობა სასურველი შედეგის მისაღწევად. ანუ, მხოლოდ ამ ნაბიჯის შედეგად, ისინი ერთად გახდებიან ერთადერთი ალტერნატივა ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების"! წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ „დემოკრატიული მოძრაობა" და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ვერ მოახერხებენ გაერთიანებას, მაშინ მათ ელით ის, რაც მოცემულია IRI-ის მოცემულ კვლევაში, ანუ „5 და 6 ადგილები", თანაც „მარადოპოზიციონერ" ნათელაშვილის ლეიბორისტების შემდეგ!" - აცხადებს კირვალიძე.

წყარო: reportiori.ge