პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: "ბიძინა ივანიშვილმა უნდა განაცხადოს, რომ საარჩევნო სიის სათავეში თავად იქნება და პრემიერ–მინისტრის თანამდებობასაც დაიკავებს"

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი.

დიახ, როგორც 2012 წელს, ასევე 2016 წელს საჭიროა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის სათავეში იყოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლად არჩეულ პარლამენტში ივანიშვილის პოლიტიკური ძალა (პარტია, "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო"), არათუ კონსტიტუციურ, არამედ უბრალო უმრავლესობასაც ვერ მოიპოვებს და იძულებული გახდება კოალიციურ გარიგებაზე წავიდეს მისთვის არასასურველ სუბიექტებთან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება და არჩევნებამდე განაცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მთავრობის მეთაურის თანამდებობას დაიკავებს, მაშინ გარანტირებულად მიიღებს იმ ხმების რაოდენობას, რომელიც მას საშუალებას მისცემს დააკომპლექტოს ერთპარტიული მინისტრთა კაბინეტი (ბოლოს და ბოლოს, ევროპულ პოლიტიკურ რეალობაში კოალიციები იქმნება მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტიები დამოუკიდებლად გადალახავენ საარჩევნო ბარიერს და შევლენ პარლამენტში, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში ქვეყნის მთავრობის დაკომპლექტებისას, თუ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას დასჭირდება ერთი ან რამდენიმე პარტიის ხმები, ისინი ჩამოაყალიბებენ კოალიციურ მთავრობას!).

 მოკლედ, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ უნდა განაცხადოს, რომ საარჩევნო სიის სათავეში თავად იქნება და გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ–მინისტრის თანამდებობასაც დაიკავებს! მიმაჩნია, რომ განვლილმა სამწელიწადნახევარმა ივანიშვილს კარგად დაანახა, რომ კოალიციურ რეჟიმში ქვეყნის მართვა დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, უწინარესად იმიტომ, რომ საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური პარტიები, დაბალი პოლიტიკური კულტურის მატარებლები არიან და სახელმწიფო ინტერესების მსახურების ნაცვლად, პირველ რიგში ზრუნავენ ვიწროპარტიულ ინტერესებზე, რაც გამორიცხავს ქვეყნის განვითარებას, მისი პოლიტიკური სისტემის მდგრადობას! ამის კარგი მაგალითია, ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორობა "თავისუფალ დემოკრატებთან" და "რესპუბლიკელებთან" (ასევე, კოალიციის სხვა წევრებთან), რომლებიც სწორედ მან შეიყვანა დღევანდელ პარლამენტში, მათ კი, როგორ "გადაუხადეს ეს ამაგი", ივანიშვილს კარგად მოეხსენება.

 გარდა ამისა, არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში, როგორ განვითარდება კოალიციაში შემავალ პოლიტპარტიებთან ურთიერთობა, ჯერ კიდევ საკითხავია. არ არის გამორიცხული, რომ საქმე მივიდეს პარლამენტის დათხოვნამდე და ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, ივანიშვილის, როგორც სიის პირველი ნომრის და მომავალი პრემიერ–მინისტრის გამარჯვების შანსი, არათუ შემცირდება, არამედ გაიზრდება, რადგანაც დღეს, მას და მის პარტიას, ქვეყნაში არსებულ პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური ალტერნატივა არ გააჩნია, ასეთია რეალობა! ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი არავის და არაფერს არ უნდა მოერიდოს, მან, მის მიერ შეთავაზებული პოლიტიკური დღის წესრიგით უნდა იხელმძღვანელოს, რადგანაც მისი მხრიდან ნებისმიერი გამოვლენილი კომპრომისი, პოლიტიკური მოთამაშეების მიერ აღიქმება, როგორც სისუსტე, რაც დაუშვებელია!

 აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა უარი უნდა თქვას კოალიციურ ფორმატზე, ანუ აღარ უნდა "შეიყვანოს" პარლამენტში, რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია. ივანიშვილმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე 2012 წლისა და პოლიტიკური პროცესების "კულუარებიდან მართვა" დამღუპველი იქნება მისთვის.

 ამგვარად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც უზრუნველყოფს პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვებას, ამა წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში!