პუბლიკაციები
„ქართველ ამომრჩეველს სურს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად იტვირთოს ქვეყნის ლიდერობა!“ - პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი.

ალბათ, ყველას გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დარჩებოდა 2 წელიწადს და რომ მისი მთავარი მიზანია სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება და საქართველოში დემოკრატიული, სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის დაწყება, რასაც იგი მომავალში სამოქალაქო სექტორიდან გააკეთებდა. ივანიშვილმა სიტყვა შეასრულა, – დაამარცხა საკაშვილის მოძალადე რეჟიმი, შეუდგა სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლების პროცესს და 2 წლის თავზე პოლიტიკიდან წავიდა, ანუ გადადგა ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობიდან, პრემიერ–მინისტრობიდან და შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია «მოქალაქე». პოლიტიკიდან წასვლისას ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ იგი პასუხისმგებლობას არ მოიხსნის მის მიერ ხელისუფლებაში «მოყვანილი და დატოვებული» პოლიტიკური კოალიცია «ქართული ოცნების» მმართველობის შედეგებზე და როგორც ამ პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი, სამოქალაქო პოზიციებიდან მუდამ ჩაერევა მის ფუნქციონირებაში, – კონსულტაციების, რეკომენდაციების, „რჩევების მიცემის სახით»! და აი, ახლა, მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრობიდან გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს მიიღოს აქტიური მონაწილეობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. საქმე ის გახლავთ, რომ კოალიცია «ქართული ოცნების» არსებული რეიტინგი სავალალო მდგომარეობაშია. დიახ, ხაზგასმით ვამბობ, რომ – კოალიციის რეიტინგია სავალალო მდგომარეობაში, – ხოლო, მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების რეიტინგები კი, უფრო უარესში. ამიტომ, თუ ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია იმაში, რომ მის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში კვლავ დარჩეს, ანუ გაიმარჯვოს ამა წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში, მაშინ იგი უშუალოდ უნდა ჩაერთოს საარჩევნო პროცესში.

მიმაჩნია, რომ ახალი პრემიერის მიმართ პოზიტიური განწყობის მიუხედავად, საქართველოს ელექტორატისათვის გიორგი კვირიკაშვილი 7–8 თვეში, სამწუხაროდ, ვერ გახდება აღიარებული პოლიტიკური ლიდერი, რომლის საარჩევნო სიაში პირველ ნომრად დაყენება გარანტირებულ გამარჯვებას მოუტანს ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ ძალას. სხვათაშორის, პარტია «ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოში», არც არავინ მეგულება ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც «გაქაჩავდეს პირველ ნომრობას», ანუ შეძლებდეს უპირობო ლიდერობას და გამარჯვების მოტანას საპარლამენტო არჩევნებში. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს, ჩემი აზრით, სხვა არჩევანი არცა აქვს, გარდა იმისა, რომ თავად ჩაუდგეს სათავეში საარჩევნო პროპორციულ სიას! არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთი მიამიტი იყოს, რომ საარჩევნო სიის პირველ ნომრად დააყენოს კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური სუბიექტის რომელიმე ლიდერი! ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი კარგად ხვდება რა მდგომარეობაში ჩავარდება იგი, თუ ასეთი სახის პოლიტიკურ შეცდომას დაუშვებს! ზევით თქმულიდან გამომდინარე, ლოგიკური და გონიერი გადაწყვეტილება იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილმა შექმნილ არაორდინალურ პოლიტიკურ სიტუაციაში საკუთარ თავზე აიღოს ინიციატივა და, როგორც პოლიტიკური პარტია «ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს» დამფუძნებელმა და დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში! დიახ, თუ გავიხსენებთ იმ ორ მიზეზს, რომლის გამოც ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში, – სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება, – ბიძინა ივანიშვილმა «პირველი მიზეზი» წარმატებით დაასრულა, ახლა «მეორის ჯერია». ანუ, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაღრმავებისათვის და გაძლიერებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ არსებულ მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები დამოუკიდებლად (ბიძინა ივანიშვილის დახმარების გარეშე!) მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მათ თუ სურვილი ექნებათ «დაწყვილდნენ» და ისე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც კოალიციის არაწევრი სხვა იდეოლოგიური თანამოაზრეებიც «დაიმატონ».

ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ კოალიციის გაზულუქებულ სუბიექტებს, ბიძინა ივანიშვილის და პარტია «ქართული ოცნების» მხარდაჭერის იმედი არ ექნებათ და ვნახავთ, ვინ რას წარმოადგენს საქართველოს ამომრჩევლების თვალში! საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების თვალსაზრისით და მდგრადი პოლიტიკური სიტემის ჩამოსაყალიბებლად, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება იქნება უაღრესად პოზიტიური ჩვენი სახელმწიფოსთვის.

დიახ, კოალიცია «ქართულ ოცნებას», «უბიძინოდ» საქმე ცუდად აქვს, რაც კოალიციის სუბიექტებმა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა „პარაზიტი პოლიტიკური პარტიები“ აღარ უნდა შეიყვანოს საქართველოს პარლამენტში, კმარა, რადგანაც დღეს, 2016 წელია და არა 2012! ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი უნდა თქვას ყბადაღებული კოალიციური საარჩევნო ბლოკის შექმნაზე, რა არგუმენტებიც არ უნდა მოიყვანონ ამის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა ჯურის ოპონენტებმა, რამეთუ, ქართველ ხალხს მობეზრდა ბიძინა ივანიშვილის „ხათრით არჩეული თუ დანიშნული პოლიტიკოსების ხილვა“. აქედან გამომდინარე, ქართველ ამომრჩეველს სურს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავად აიღოს პასუხისმგებლობა და ოფიციალურად იტვირთოს ქვეყნის ლიდერობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო სიის ნებისმიერ „კომპრომისულ და ხელოვნურ“ პირველ ნომერს, აგრეთვე, „შეკოწიწებულ საარჩევნო კოალიციას“, – ქართველი ხალხი ხმას აღარ მისცემს!".