პუბლიკაციები
გელა სამხარაული: „ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე და უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყანა მიიღებს ისეთ სოფლის მეურნეობას, როგორიც დავგეგმეთ ხელისუფლებაში მოსვლის წინ“

 საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, მედიასთან ერთად, აჭარაში ბოლო სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში დანერგილ სიახლეებს, ასევე, ადგილობრივი გლეხებისა და ფერმერების მიღწევებს და ინფორმაციას სამომავლო საქმიანობის შესახებ ადგილზე გაეცნო.

სტუმრებმა აჭარის ა.რ.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში  დაათვალიერეს კენკროვანი კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთი, სასათბურე და სამაცივრე მეურენობა, ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთი, ღვინის სახლი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა  სოფლის მეურნეობის სამინისტროს   საქმიანობის  და 2013-2016 წლებში აგრარულ სექტორში განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტომასალა და გამოცემები. აგროსერვის ცენტრის ტერიტორიაზე ნაჩვენები იყო  სამინისტროს, ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე გადაცემული მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები და მანქანა-დანადგარები. აქვე იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქტის  გამოფენა - ხილის წვენები, ჯემებისა და ჩირის ნიმუშები, თაფლის, ჩაის, ყველის სხვადასხვა სახეობები, თამბაქოს ნაწარმი და სხვა, რომლებიც სპეციალისტთა შეფასებით, მთელ რიგ შემთხვევაში მათ უცხოურ ანალოგებზე უკეთესიცაა.

გელა სამხარაული, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: „შთამბეჭდავია, რაც ჩვენ აქ ვნახეთ -  როგორც იცით, პარლამენტს საკანონმდებლოსთან ერთად, საზედამხედველო ფუნქციაც აქვს, ჩვენ ჩამოვედით, რომ გავცნობოდით მიმდინარე პროექტებს. მსურს, აღვნიშნო, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ისედაც ვიცოდით, რომ აჭარა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიური იყო თავის საქმიანობაში, მაგრამ ჩვენ დღეს რაც ვნახეთ, არის იმის საფუძველი, რომ ვდგავართ სწორ გზაზე და უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყანა მიიღებს ისეთ სოფლის მეურნეობას, როგორიც დავგეგმეთ ხელისუფლებაში მოსვლის წინ."

ზაურ ფუტკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი:  „მნიშვნელოვანია, რომ ამ დროის განმავლობაში, რეგიონის სოფლის მეურნეობაში უკვე დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ ის პროგრამები და პროექტები, რომლებსაც მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ნერგავს, აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს. მათ შორისაა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, შეღავათიანი აგრო-კრედიტის პროექტი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოთა თანადაფინანსების პროექტი, პროგრამა დანერგე მომავალი, აგროდაზღვევის პროგრამა და სხვა“.

აჭარის მასშტაბით მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მარტო 2015 წელს, 51 913 ბენეფიციარმამიიღო 2 მილიონ 831 ათას 489 ლარის ღირებულების სარგებელი და პროექტის მოხნული მიწის ფართობმა კი 2ათასამდე ჰექტარი შეადგინა. შეღავათიანი აგრო-კრედიტის პროექტის ფარგლებში  2013-2016 წლებში გაცემული სესხების საერთო რაოდენობა 90-ზე მეტია, რომელთა საერთო ღირებულება 5,295,550 ლარს და 7,058,177 აშშ დოლარს შეადგენს.  პროგრამის ფარგლებში 9 ახალი საწარმო გაიხსნა მათ შორის: ქედის ღვინის ქარხანა, თხილის გადამამუშავებელი კომპანია,  ჩაის გადამამუშავებელი საწარმო,  სასათბურე და სამაცივრე/სასაწყობე მეურნეობები და სხვა.

გელა სამხარაული მიწის რეფორმის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, შექმნილია შესაბამისი კომისიაც. მისი ინფორმაციით, მთავრობა უახლოეს მომავალში წარმოადგენს თავის ხედვას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სისტემური მიდგომა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

“ამ წარმატებების ფონზე, ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ დავინახოთ ის ნაკლოვანებები და ხარვეზები, რომლებიც ასე თუ ისე სდევს საერთოდ თან ამ პროცესების განვითარებას. ჩვენ გვსურს ვიცოდეთ, თუ რაში ხედავთ თქვენ ჩვენს -აგრარულ საკითხთა კომიტეტის, მთლიანადპარლამეტის როლს, რომ გამოვასწოროთ ვითარება ყველა მიმართულებით. თქვენ ხართ შემსრულებლები და, შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი დეტალი თქვენ იცით გაცილებითუკეთესად“.

კანონმდებლებთანერთად, შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები.

აჭარაში ვიზიტი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში განახორციელა. მიღწევებისა და პრობლემების ადგილზე გაცნობის მიზნით, შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.