პუბლიკაციები
„საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის აშშ-ის თავდაცვის უწყებიდან მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, ვიდრე ეს მთელი ამ წლების განმავლობაში იყო“

 მიუნხენში როგით 52-ე უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა. კონფერენციის ფარგლებში გამართული სესიების მთავარი თემა მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეები და მთავარი გამოწვევები იყო.

მიუნხენში იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყვნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კონფერენცია წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ფორუმში მონაწილე ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელი ერთ ენაზე, ერთი გზავნილებით და საერთო გამოწვევაზე საუბრობდა.

 „კონფერენციაზე იმ მოვლენების სრულიად სწორი, ადეკვატური ანალიზი კეთდებოდა, რომელიც ვითარდება როგორც ევრაზიის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე სამხრეთში. ძალიან დიდი, აქტიური და ქმედითი მონაწილეობა იყო, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფოს მხრიდან, რაც ხშირად არ ხდება ხოლმე. ესეც იმის დასტურია, რომ ის ცალსახა დამოკიდებულება, ერთიანობა, რომელიც ასე სჭირდება ევროკავშირს და ნატოს, დღეს სახეზეა. ყველა ერთ ენაზე, ერთი გზავნილებით და იგივე წუხილებით საუბრობს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში, მით უმეტეს, საუბარია, რომ შესაძლოა რაიმე საფრთხე დაემუქროს შენგენის ზონასა და ევროპის ერთიანობას. კონფერენციამ აჩვენა, რომ არანაირი ამ ტიპის საფრთხეების წინაშე ევროპა არ დგას. ის ერთიანია და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად გეგმავს გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უცხოელ კოლეგებთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაციის წევრებს კარგი შესაძლებლობა მიეცათ პარტნიორებთან შეხვედრებზე ყველა საჭირო მიმართულებასა და აუცილებლობაზე ესაუბრათ, რაც ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, ევრო-ატლანტიკური სეგმენტის გამყარებას, გაძლიერებასა და ინტენსიფიკაციას მოიცავს.

ძირითადად შეხვედრები მქონდა სამხედროებთან როგორც ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ნატოს მთავარი სამხედრო კომიტეტების გენერლებთან. ორმხრივ ურთიერთობებში დაწყებულ უამრავ პროექტზე სრული გარანტიები მივიღეთ, რომ ისინი მოქმედებას დაიწყებენ 2017 წლისთვის. ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვის უწყებამ აშშ-ის კონგრესს შესთავაზა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, რადგან სამჯერ და ოთხჯერაა გაზრდილი დახმარება, რომელსაც საქართველო მიიღებს. მომავალ კვირას ჩვენ უფრო აქტიურად ვისაუბრებთ, რადგან უფრო კონკრეტული რიცხვები და დოკუმენტები გვექნება. თუმცა, ახლავე შეგვიძლია ვთქვა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლითაც ვბრუნდებით საქართველოში ქართულ-ამერიკულ ორმხრივ ურთიერთობებში, სწორედ ისაა, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის აშშ-ის თავდაცვის უწყებიდან მოთხოვნა მნიშვნელოვნად, პრინციპულადაა გაზრდილი, ვიდრე ეს მთელი ამ წლების განმავლობაში იყო. ეს ჩვენი ცალსახა, მკვეთრი პოლიტიკის და მოქმედების შედეგია, რომელსაც ქართული სახელმწიფო ახორცილებს“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები ფინელ, ქუვეითელ და ებრაელ კოლეგებთან განიხილა. თინათინ ხიდაშელმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ასევე ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესთან, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელთან, გენერალ დენის მერსიესთან, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან ელისა სლოტკინთან და ამერიკელ სენატორთან ჯორჯიის შტატიდან დევიდ ფერდიუსთან. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან სამუშაო შეხვედრასაც დაესწრო.