საზოგადოება
შოთა გულბანი: „ჰუმანითი ჯორჯიას მიერ დაანონსებული იაფი მედიკამენტების მოლოდინმა ფანასკერტელის ინდექსის კლება გამოიწვია“

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ ფარმაცევტულ ინდექსზე – „ფანასკერტელის ინდექსზე“ მუშაობა დაასრულა და ბაზარზე არსებული ვითარება გაასაჯაროვა.

„აფბას“ ყოველთვიურ ჭრილში (2015 წლის ნოემბერ–დეკემბერი და 2016 წლის იანვარი) მედიკამენტების ფასებზე სამთვიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ „ფანასკერტელის ინდექსი“ პირველ შემთხვევაში - 1,75%–ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 4,64%–ით შემცირდა.

„აფბას“ პრეზიდენტის შოთა გულბანის თქმით, „აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქართული წარმოების წამლებზე ფასების კლება არ შეინიშნება, ფასები დიდწილად იმპორტირებულ მედიკამენტებზე შემცირდა, რამაც „ფანასკერტელის ინდექსის“ დაღმავალი ტენდენცია გამოიწვია, ხოლო ეს კლება დროში ემთხვევა ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშის – ჰუმანითი ჯორჯიას” გამოჩენის მოლოდინს და, პრაქტიკულად, მის მიერ ბაზრისთვის მედიკამენტების, სავარაუდოდ, მინიმუმ 30%–ით იაფად შეთავაზებით არის განპირობებული“.