საზოგადოება
„ჩვენ გავეცით გარანტიები, რომ საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

 „ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მთელ პოლიტიკურ სივრცეში გავავრცელოთ ეს განწყობა, იმისთვის, რომ ყველა მოთამაშე, რომელიც იქნება წინასაარჩევნო მინდორზე, ამ მაღალ სტანდარტებს დაექვემდებაროს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებს ამ სტანდარტების შესრულებასთან დაკავშირებით მაღალი მოლოდინი აქვთ.

 „ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე რეფორმების შესახებ. ჩვენ ასევე მივიტანეთ ის გზავნილი, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის წარმატებით დასრულება. ამის თაობაზე მქონდა დეტალური საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერთან და ევროკომისრებთან. ჩვენ დავტოვეთ შეგრძნება, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, სრული კურსით ხორციელდება “, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.