აქტუალური
„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ევროპა სულ უფრო მეტად იყოს საქართველოში წარმოდგენილი“ – ხიდაშელი

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლეპერის მსოფლიო საფრთხეების შეფასების ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ გამოთქმულ შეფასებას გამოეხმაურა.

 „დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თუკი დასავლეთი ვერ მოახერხებს, დაპირებები შეასრულოს და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით შედეგები დადგეს, ქვეყანაში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ პროპაგანდას ხელს უწყობს დასავლეთის მიერ კონკრეტული ქმედებების დაგვიანება და შესაძლებელია, რუსული ნარატივი გაიზარდოს საქართველოში. თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსული დროშები ფრიალებს, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არა ისტორიის წიგნებში, არამედ ჩვენი თაობის დროს იყო ქვეყანაში რუსულ-ქართული ომი, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და დანაკარგები გამოიწვია ქვეყანაში, შეუძლებელს ხდის რუსული ნარატივის გაძლიერებას. მაგრამ, ვიმეორებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენი, ყველას ერთობლივი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეუძლებელი გავხადოთ ამ ნარატივის წარმატება. ჩვენ, მთლიანად ერმა, ქვეყანამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ევროპა სულ უფრო მეტად იყოს საქართველოში წარმოდგენილი. დასავლური კულტურა, დასავლეთი, სულ უფრო მეტად ჩანდეს ჩვენს ყოველდღიურობაში - ეს არის ამ პრობლემის მთავარი გასაღები“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.