სამართალი
რესპუბლიკელი თამარ კორძაია: „ერთსქესიანი ლგბტ–ქორწინების დაკანონება ადამიანთა უფლებების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია!“

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი.  “ეს ადამიანის უფლებების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯია”, – ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია “რესპუბლიკელების“ წევრმა თამარ კორძაიამ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ლგბტ ქორწინების დაკანონების შესახებ.

 „ამ საკითხს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რა არგუმენტებით მივიდა სასამართლო აქამდე და როგორ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიციები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რათა ეს პრაქტიკა სათანადოდ იქნეს გააზრებული იმ ქვეყნებში, სადაც ამას მტკივნეულად აღიქვამენ”, – განუცხადა დეპუტატმა “17 მაისს.

 კორძაია აღნიშნავს იმასაც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ ქართველების პროდასავლურ განწყობაზე არ უნდა იმოქმედოს.

 „ლგბტ ადამიანები არსებობენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. აქ საკითხი დგას, რამდენად ვაღიარებთ ამ ადამიანებს თანასწორებად და რამდენად მიგვაჩნია, რომ მათ ისევე შეუძლიათ ცხოვრება, როგორც ჩვენ. ამიტომაც არის, რომ ვიღაცები წინ არიან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ვიღაცები კი ვართ უკან“, – ამბობს კორძაია.

 შეგახსენებთ, რომ აშშ–ის უზენაესმა სასამართლომ ლგბტ ქორწინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ 2015 წლის 26 ივნისს მიიღო.