საზოგადოება
„საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა და ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისართან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

 „ეკონომიკური მოდერნიზაციისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტისა, არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტიც და ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელება ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროდუქტიული და მეგობრული - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, რომლის თქმითაც, ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში და საბოლოო გადაწყვეტილება ევროპარლამენტზეა დამოკიდებული.

ევროკომისია ევროპარლამენტსა და წევრ ქვეყნებში საკანონმდებლო წინადადების გასაგზავნად ემზადება. საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო წინადადება იქნება წარდგენილი. შესაძლოა, ეს მოხდეს ზაფხულში, შესაძლოა - უფრო ადრე“, - განაცხადა ევროკომისარმა ავრამოპულოსმა.