აქტუალური
ღამის აეროპორტი: თურქებმა ახალი ასაფრენ–დასაფრენი ზოლი კი არ ააგეს, არამედ არსებულის რემონტს იწყებენ!

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც თურქული კომპანია „TAV Georgia“–ს მმართველობის ქვეშ იმყოფება, ძებნაში მყოფი დამნაშავე სააკაშვილის წყალობით, შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

„ქართულ მედიასივრცეში გაჟღერებული ინფორმაცია „თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისების გაუქმების“ შესახებ არ შეესაბამება არსებულ რეალობას. „TAV Georgia“–სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული განახლებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი  ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას მოიცავს. სამუშაოები 2016 წლის მარტიდან დაიწყება, რაც გულისხმობს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დღის გარკვეულ პერიოდში, მხოლოდ რამდენიმე საათით, სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის დაკეტვას (1 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 09:30 – 15:00; ხოლო 27 მარტიდან 1 ივლისამდე 10:00 – 20:00).

გრაფიკი მაქსიმალურად ითვალისწინებს თითოეული ავიაკომპანიის ინტერესს. ხოლო ყველა ის რეისი, რომელიც ამ პერიოდში იყო დაგეგმილი, არ გაუქმდება, არამედ ფრენები განხორციელდება დროებით შეცვლილი გრაფიკის მიხედვით. დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების შედეგად კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეექმნებათ როგორც ავიაკომპანიებს, ასევე  მგზავრებს”.

ამგვარად, თურქებმა ახალი ასაფრენ–დასაფრენი ზოლი კი არ ააგეს, როგორც ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ჰპირდებოდნენ და ამიტომ ტენდერიც მოიგეს, არამედ იწყებენ არსებულის რემონტს, რომელიც საბჭოთა საქართველოს ხანაშია აშენებული. რის გამოც 5 ტვით შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ღამის აეროპორტად გადააქცევენ...