პოლიტიკა
„ეროვნული სიტუაციური ოთახი საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალური ეფექტიანობით გავუმკლავდეთ კრიზისულ სიტუაციებს“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში კრიზისების მართვის ახალი პროექტი ამოქმედდა - წარმატებული ბრიტანული მოდელის ქართული ანალოგი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილ დაესწრო, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა  ბრიტანეთის მთავრობას, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში  და  ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს კრიზისების საკითხებში სერ არი ჯონსონს  გაწეული დახმარებისათვის. მისი განმარტებით, პროექტს საფუძველი ჩაეყარა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს.

 „ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში. ეს არის ის გამოწვევები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა თუ ოკუპირებული ტერიტორიების თემებიდან. ეს არის, აგრეთვე, სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმით გამოწვეული საფრთხეები, რომლებიც ასევე მრავლად არის ჩვენს რეგიონში. ამ ტიპის საფრთხეებთან გამკლავებას სჭირდება მეტი კოორდინაცია და სწორედ ეროვნული სიტუაციური ოთახი  არის ის ბრიტანული მოდელი, რომელიც იძლევა საშუალებას, სხვადასხვა უწყებას შორის იყოს მაქსიმალური კოორდინაცია, რათა მაქსიმალური ეფექტიანობით გავუმკლავდეთ კრიზისულ სიტუაციებს, –განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.