აქტუალური
"უშიშროების საბჭო ერთადერთი კონსტიტუციური ფორმატია, რომელშიც მონაწილეობს სახელმწიფოს მეთაურიც, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაც" - მარგველაშვილი

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო გამოსვლისას იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ილაპარაკა, რომლებიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გადაიდგა. „დასახული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია. აგვისტოში გაიხსნა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. 2015 წლის ივლისში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა მასშტაბური მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“,რომელშიც მონაწილეობდნენ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. შარშანვე, საფრანგეთთან ხელმოწერილი კონტრაქტების საფუძველზე, დაიწყო თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შექმნის პროცესი. გაიმართა მასშტაბური სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი-2015“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 „ეროვნული უშიშროების საბჭო წარმოადგენს ყველაზე მაღალ და ერთადერთ კონსტიტუციურ, პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ფორმატს, რომელშიც მონაწილეობას იღებს სახელმწიფოს მეთაურიც, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაც. საბჭო დემოკრატიული კონტროლის, საფრთხეებზე რეაგირების, პრევენციული მოქმედებების და სტრატეგიული დაგეგმვის შეუცვლელი საკონსტიტუციო სტრუქტურაა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.