საზოგადოება
„სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში“ - ხიდაშელი

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებაში საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ თინა ხიდაშელმა და სეირან ოჰანიანმა მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს. 
„ვფიქრობ, ავღანეთში, მაზარი-შარიფში ქართველი და სომეხი სამხედროების ერთმანეთის მხარდამხარ სამსახური ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობის საუკეთესო მაგალითია, მიუხედავად ჩვენი სახელმწიფოების სტრატეგიული განსხვავებისა. მინდა ვისაუბრო იმ საკითხებზე, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის საერთოა - სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და სტაბილურობა…

 ჩვენ თავდაცვის მინისტრები ვართ, მაგრამ ამავე დროს - პოლიტიკოსები და ორივე ჩვენგანისთვის ჩვენი ქვეყნების გაძლიერება, წინსვლა და განვითარება, ჩვენი ხალხის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ კონკრეტულ საკითხებსაც, თანამშრომლობის გეგმას, რომელიც სამინისტროებს შორის დღეს გაფორმდა. მჯერა, რომ 2016 წელი ორივე მხარისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იქნება როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.

 ჩვენი საწვრთნელი ცენტრები ყველა პარტნიორისთვის და, რა თქმა უნდა, სომეხი სამხედროებისთვის ღიაა. იმედი მაქვს, ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული მიმართულებები ორივე ქვეყნისთვის სარგებლობის მომტანი იქნება!”- განაცხადა თინა ხიდაშელმა ბრიფინგზე.
სეირან ოჰანიანმა რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება: მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა და საქართველომ უსაფრთხოების განსხვავებული სისტემა აირჩიეს, ეს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს არ შეცვლის. ჩვენი მიზანია რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერება“.